არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ნოემბერი 18, 2013
იურიდიული საქმეები მთელ მსოფლიოში

ნუ დაივიწყებთ ციხეში მყოფთ

ნუ დაივიწყებთ ციხეში მყოფთ

„აზრის, სინდისისა და რელიგიის თავისუფლება“ არის ადამიანის ძირითადი უფლება, — აღნიშნულია „საერთაშორისო სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შეთანხმების“ მე-18 მუხლში. * ზოგ ქვეყანაში იეჰოვას მოწმეთა ძირითადი უფლებები ირღვევა, მათ აპატიმრებენ და ზოგჯერ სასტიკადაც ეპყრობიან. დაპატიმრებულთა უმეტესობა ახალგაზრდა მამაკაცია, რომლებიც რწმენის გამო უარს ამბობენ სამხედრო სამსახურზე. ზოგი კი, უბრალოდ, თავისი რელიგიური მსახურების გამოა დაპატიმრებული.

ასეთმა სასტიკმა მოპყრობამ იეჰოვას მოწმეების ერთგულება და რწმენა ვერ შეარყია. ასეთი ქმედება რეპუტაციას ულახავს მთავრობებს, რომლებიც არ იცავენ ადამიანის უფლებებს. ქვემოთ მოცემულია მონაცემები იმის შესახებ, თუ რომელ ქვეყანაში რამდენი იეჰოვას მოწმეა დაპატიმრებული.

ქვეყანა

დაპატიმრებულთა რაოდენობა

 ერიტრეა

52

 სამხრეთი კორეა

599

 მთიანი ყარაბახი

1

 სინგაპური

18

 თურქმენეთი

9

მთლიანი რაოდენობა

679

2013 წლის 12 ნოემბრის მონაცემები

 ერიტრეა

ბოლო მონაცემების თანახმად, 52 იეჰოვას მოწმე, მამაკაცებიც და ქალებიც, დაპატიმრებულები არიან და ციხეში საშინელ პირობებში იმყოფებიან. თუმცა კონკრეტული კანონის დარღვევაში არც ერთი მათგანი არ იყო ბრალდებული და არც მათი საქმის განხილვა მომხდარა. ისინი დააპატიმრეს სამხედრო სამსახურზე უარის თქმისა და რელიგიური საქმიანობის გამო. ზოგ შემთხვევაში კი დაპატიმრების მიზეზი უცნობია. სამი მოწმე — პაულოს იასუ, ისააკ მოგოსი და ნეგედე ტეკლემარიამი — 1994 წლის 24 სექტემბრიდან, თითქმის 20 წელი, ციხეში იმყოფება სამხედრო სამსახურზე უარის თქმის გამო. ორი 60 წელს გადაცილებული მოწმე, მიჟგინა გებრეტინსა და იოჰანეს ჰეილი, ციხეში დაიღუპა. მას შემდეგ, რაც ერიტრეა 1993 წელს დამოუკიდებელი ქვეყანა გახდა, იეჰოვას მოწმეებს გამუდმებით აპატიმრებენ, აწამებენ და შეურაცხყოფას აყენებენ.

 სამხრეთი კორეა

ამჟამად სამხრეთ კორეაში სამხედრო სამსახურზე უარის თქმის გამო 599 ახალგაზრდა მოწმეა დაპატიმრებული და 18-თვიან სასჯელს იხდის. კორეის ომის დაწყებიდან დღემდე სამხრეთ კორეაში ახალგაზრდა მოწმეებს, რომლებიც უარს ამბობენ სამხედრო სამსახურზე გამუდმებით ასამართლებენ და არანაირ ალტერნატიულ სამსახურს არ სთავაზობენ. ამ დროის განმავლობაში სამხრეთ კორეამ 17 549 მოწმეს გამოუტანა განაჩენი, რომლებმაც მთლიანობაში 34 100 წელი გაატარეს ციხეში. სამხრეთ კორეამ დაარღვია საერთაშორისო ხელშეკრულება და არ დაიცვა მათი ძირითადი უფლება, ვინც რწმენის გამო უარი განაცხადა სამხედრო სამსახურზე. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ სტატია „უსამართლობამ სამხრეთ კორეაში საერთაშორისო საზოგადოების შეშფოთება გამოიწვია“.

 მთიანი ყარაბახი

მთიან ყარაბახში არ არსებობს ალტერნატიული სამოქალაქო სამსახური. ამიტომ სამხედრო სამსახურზე უარის თქმის გამო პატიმრობაში იმყოფება 20 წლის მოწმე. 2011 წლის 30 დეკემბერს ეს ახალგაზრდა მოწმე 30 თვით დააპატიმრეს, 2013 წლის 29 იანვარს მისი თხოვნა პატიმრობიდან თავდებით გათავისუფლების შესახებ არ დაკმაყოფილდა. მიუხედავად მისი ცუდი ჯანმრთელობისა, მკურნალობის მიზნით მისი გათავისუფლების შესახებ თხოვნა ციხის ადმინისტრაციამ უგულებელყო.

 სინგაპური

სინგაპურის მთავრობა ითხოვს სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლას და არ აღიარებს მათ უფლებებს, ვინც რწმენის გამო უარს ამბობს სამხედრო სამსახურზე. 18 ახალგაზრდა მოწმეს, რომელთაც გადაწყვეტილი ჰქონდათ, არ წასულიყვნენ ბიბლიით განსწავლული სინდისის წინააღმდეგ, 39-თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს სინგაპურის ერთ-ერთ მკაცრი რეჟიმის ციხეში. 2013 წლის აგვისტოში გაათავისუფლეს ერთი მოწმე, რომელმაც ერთი წელი გაატარა პატიმრობაში.

 თურქმენეთი

თურქმენეთში დღეს ცხრა იეჰოვას მოწმე იხდის სასჯელს. მათ შორის რვა სამხედრო სამსახურზე უარის თქმის გამო დააპატიმრეს, ერთს კი ცრუ ბრალდება წაუყენეს. მათ 12—24-თვიანი პატიმრობა აქვთ მისჯილი. ამ მოწმეებს ჯარისკაცები და ციხის მცველები ხშირად უმოწყალოდ სცემენ. გათავისუფლების შემდეგ ზოგჯერ მათ „დანაშაულის განმეორებით ჩადენის“ გამო კვლავ ასამართლებენ და უფრო მკაცრი რეჟიმის ციხეში ათავსებენ.

^ აბზ. 2 იხილეთ აგრეთვე „გაეროს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია“, მუხლი 18 და „ადამიანის უფლებათა ევროპის კონვენცია“, მუხლი 9.