წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

2016 წლის 10 აგვისტო
მთიანი ყარაბაღი

მთიანი ყარაბაღი უსამართლოდ აპატიმრებს მათ, ვინც მრწამსის გამო უარს ამბობს სამხედრო სამსახურზე

მთიანი ყარაბაღი უსამართლოდ აპატიმრებს მათ, ვინც მრწამსის გამო უარს ამბობს სამხედრო სამსახურზე

20 წლის არტურ ავანესიანი მთიანი ყარაბაღის შუშას ციხეში იხდის სასჯელს. მას 30-თვიანი პატიმრობა შეუფარდეს, მიუხედავად იმისა, რომ ის მზად იყო, შეესრულებინა ალტერნატიული სამოქალაქო სამსახური. მთიან ყარაბაღში არც ერთი ინსტანციის სასამართლომ არ ცნო არტურ ავანესიანის ძირითადი უფლება.

არტურ ავანესიანი, რომელიც იეჰოვას მოწმეა, ასეთ რამეს ამბობს: „სინდისი ნებას არ მრთავს, შევასრულო სამხედრო სამსახური. მე მიყვარს ჩემი მოყვასი და არ მინდა, ვინმეს მოსაკლავად იარაღი ავიღო ხელში; არც ის მინდა, ვისწავლო, როგორ მივაყენო სხვებს ზიანი. მე თავს არ ვარიდებ მოქალაქეობრივი მოვალეობის შესრულებას. მსურდა, ალტერნატიული სამოქალაქო სამსახური შემესრულებინა, მაგრამ ამის უფლება არ მომცეს“.

მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა

2014 წლის 29 იანვარს არტურ ავანესიანი მთიანი ყარაბაღის ქალაქ ასკერანის სამხედრო კომისარიატში გამოიძახეს. მომდევნო დღეს არტურ ავანესიანმა განცხადება დაწერა სამხედრო კომისარიატის სახელზე, სადაც ითხოვდა, რომ უფლება მიეცათ, სამხედრო სამსახურის ნაცვლად ალტერნატიული სამოქალაქო სამსახური შეესრულებინა. ვინაიდან მთიანი ყარაბაღი არ სთავაზობს თავის მოქალაქეებს ალტერნატიულ სამოქალაქო სამსახურს, მან დახმარებისთვის ადვოკატს მიმართა.

არტურ ავანესიანს სომხეთის პასპორტი აქვს, ამიტომ მისი ადვოკატი დაუყოვნებლივ შეხვდა უფლებამოსილ პირებს მთიან ყარაბაღსა და სომხეთში. ისინი შეთანხმებამდე მივიდნენ, რომ არტურ ავანესიანს სომხეთში ალტერნატიული სამოქალაქო სამსახურის შესრულების უფლება მიეცემოდა. იმის იმედით, რომ დაკმაყოფილდებოდა მისი მოთხოვნა, არტურ ავანესიანი სომხეთში გადავიდა საცხოვრებლად. მან 2014 წლის 13 თებერვალს მასისის კომისარიატის სახელზე განცხადება დაწერა და ალტერნატიული სამოქალაქო სამსახური მოითხოვა.

ნაცვლად იმისა, რომ არტურ ავანესიანი სომხეთში ალტერნატიული სამოქალაქო სამსახურის შესასრულებლად გამოეძახათ, ის 2014 წლის 14 ივლისს ერევნის პოლიციის მთავარ განყოფილებაში დაიბარეს. მას იქ მთიანი ყარაბაღის პოლიციის თანამშრომლები დახვდნენ. არტური მაშინვე დააკავეს და ერევნიდან მთიანი ყარაბაღის ქალაქ ასკერანში იძულებით წაიყვანეს. მისი ექსტრადაცია ყოველგვარი სასამართლო განხილვისა თუ სხვა აუცილებელი პროცედურების გარეშე მოხდა.

დაპატიმრება და სასამართლო პროცესი

18 წლის არტურ ავანესიანი 2014 წლის 14 ივლისს ჩასვეს ციხეში. 15 ივლისს, სასამართლო განხილვისას მან გაიგო, რომ რამდენიმე თვით ადრე მთიანი ყარაბაღის პირველი ინსტანციის სასამართლომ მას წინასწარი პატიმრობა შეუფარდა და მისი დაკავების ორდერი გასცა. სასამართლომ არ შეცვალა აღებული კურსი და არტურ ავანესიანი შუშას ციხეში ჩასვა. წინასწარი პატიმრობის გაუქმების თაობაზე არც ერთი მისი საჩივარი არ იქნა დაკმაყოფილებული.

2014 წლის 30 სექტემბერს მთიანი ყარაბაღის პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსამართლემ, სპარტაკ გრიგორიანმა არტურ ავანესიანს 30-თვიანი პატიმრობა შეუფარდა სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდების ბრალდებით. * არტურ ავანესიანმა გაასაჩივრა მიღებული გადაწყვეტილება, მაგრამ ის სააპელაციო და უზენაესმა სასამართლოებმაც დამნაშავედ ცნეს. არტურ ავანესიანს 2017 წლის იანვარში გაათავისუფლებენ ციხიდან.

ის მტკიცედ იცავს თავის პოზიციას

ერთ-ერთი მისი ადვოკატი, შეინ ბრედი აღნიშნავს: „არტურ ავანესიანი დააპატიმრეს, ბრალი დასდეს და დამნაშავედ ცნეს იმის გამო, რომ თავისი რწმენის შესაბამისად მოქმედებდა. მართალია, ის უსამართლოდ იხდის სასჯელს, მაგრამ კვლავაც გადაწყვეტილი აქვს, რომ თავისი რელიგიური შეხედულებების თანახმად მოიქცეს“. როგორც ბრედი ამბობს, ციხის ადმინისტრაციამ არტურს ბიბლიისა და ბიბლიური პუბლიკაციების ქონის უფლება მისცა. გარდა ამისა, არტურის ოჯახის წევრებს მისი მონახულება შეუძლიათ.

არტურ ავანესიანმა ყველა სასამართლო ინსტანციას მიმართა დახმარებისთვის, მაგრამ უშედეგოდ. ბოლოს, მან საჩივარი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში შეიტანა. ის იმედოვნებს, რომ ევროპული სასამართლო მის სასარგებლოდ მიიღებს გადაწყვეტილებას (სავარაუდოდ ეს გადაწყვეტილება მისი გათავისუფლებიდან რამდენიმე თვეში გახდება ცნობილი), რადგან ამ სასამართლომ არაერთხელ დაუჭირა მხარი მათ უფლებას, ვინც მრწამსის გამო უარს ამბობს სამხედრო სამსახურზე. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ საქმის „ბაიათიანი სომხეთის წინააღმდეგ“ განხილვის დროს დაადგინა, რომ კანონი აზრის, სინდისისა და რელიგიის თავისუფლების შესახებ იცავს ადამიანის უფლებას, რელიგიური მოსაზრებით უარი თქვას სამხედრო სამსახურზე. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ სხვა შემთხვევებშიც მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო. *

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებამ დიდად შეუწყო ხელი იმას, რომ დაცული იყოს ადამიანის ძირითადი უფლება, რელიგიური მოსაზრებით უარი თქვას სამხედრო სამსახურზე, მაშინაც კი, როცა ქვეყანაში საომარი ვითარება და არასტაბილური მდგომარეობაა. მაგალითად, 2015 წლის ივნისში უკრაინის უზენაესმა სასამართლომ მოქალაქეებს სამხედრო მობილიზაციის დროს ალტერნატიული სამოქალაქო სამსახურის შესრულების უფლება მისცა და ამგვარად მხარი დაუჭირა მათ უფლებას, ვინც რელიგიური მოსაზრებით უარს ამბობს სამხედრო სამსახურზე.

გაუმჯობესდება მდგომარეობა მთიან ყარაბაღში?

იეჰოვას მოწმეები მთიან ყარაბაღში და მთელ მსოფლიოში იმედოვნებენ, რომ მთიანი ყარაბაღი აღიარებს ადამიანის უფლებას, მრწამსის გამო უარი თქვას სამხედრო სამსახურზე. შეწყვეტს მთავრობა ახალგაზრდა მოწმეების დაპატიმრებას და მისცემს მათ უფლებას, შეასრულონ ალტერნატიული სამოქალაქო სამსახური? მთიანი ყარაბაღი ევროპული სტანდარტების თანახმად იმოქმედებს და სათანადო პატივისცემას გამოავლენს ახალგაზრდა მოწმეების რელიგიური შეხედულებების მიმართ, თუ ის აღიარებს ადამიანის უფლებას, რელიგიური მოსაზრებით უარი თქვას სამხედრო სამსახურზე.

^ აბზ. 10 30-თვიანი პატიმრობის ვადის ათვლა 2014 წლის 14 ივლისს დაიწყო.

^ აბზ. 13 ნახეთ საქმე № 43965/04 „ერჩეპი თურქეთის წინააღმდეგ“, 2011 წლის 22 ნოემბერი; საქმე № 5260/07 „დემირტაში თურქეთის წინააღმდეგ“, 2012 წლის 17 იანვარი; საქმე № 14017/08 „ბულდუ და სხვები თურქეთის წინააღმდეგ“, 2014 წლის 3 ივნისი.

 

გაიგეთ მეტი

რატომ არ იღებთ იარაღს ხელში?

მთელ მსოფლიოში იეჰოვას მოწმეები ცნობილი არიან იმით, რომ იარაღს არ იღებენ ხელში. გაიგეთ, რატომ არ ვიღებთ იარაღს ხელში.