არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

2015 წლის 29 ივნისი
ისრაელი

ისრაელში უზენაესმა სასამართლომ მოწმეებს მშვიდობიანად შეკრების უფლება მისცა

ისრაელში უზენაესმა სასამართლომ მოწმეებს მშვიდობიანად შეკრების უფლება მისცა

ისრაელის უზენაესმა სასამართლომ და ადგილობრივმა სამართალდამცავებმა მხარი დაუჭირეს რელიგიის თავისუფლების უფლებას და იეჰოვას მოწმეებს თაყვანისცემის მიზნით ერთად შეკრების ნება დართეს. ახლახან მიღებული გადაწყვეტილებით, უზენაესმა სასამართლომ ქალაქ რაანანას წარმომადგენლობა დაავალდებულა, შეესრულებინა იეჰოვას მოწმეებთან დადებული კონტრაქტი, რომელიც ეხებოდა მოწმეების მიერ ერთ-ერთი სპორტული კომპლექსის დაქირავებას ორი მასშტაბური რელიგიური შეხვედრის ჩასატარებლად. სხვადასხვა რელიგიური ჯგუფის ზეწოლით, ქალაქის მუნიციპალიტეტმა პირველი შეხვედრის ჩატარებამდე 36 საათით ადრე გააუქმა კონტრაქტი.

სასამართლოები მხარს არ უჭერენ ქალაქის მუნიციპალიტეტს

იეჰოვას მოწმეებმა 2015 წლის 18 აპრილს და 2 მაისს დაგეგმილი რელიგიური შეხვედრების ჩასატარებლად ქალაქ რაანანას წარმომადგენლებთან კონტრაქტი გააფორმეს. პირველად მოწმეებმა კონტრაქტის გაუქმების საშიშროება მაშინ დაინახეს, როდესაც 15 აპრილს ქალაქის გენერალურმა მენეჯერმა უთხრა მათ, რომ დარწმუნებული არ იყო, რამდენად უსაფრთხოდ ჩაივლიდა 18 აპრილს დაგეგმილი შეხვედრა. ადგილობრივი პოლიციის უფროსმა გარანტია მისცა მოწმეებს, რომ პოლიცია ყოველმხრივ იზრუნებდა უსაფრთხოების დაცვაზე. ამის მიუხედავად, მეორე დღეს ქალაქ რაანანას წარმომადგენლობამ ცალმხრივად გააუქმა კონტრაქტი. მასობრივ საშუალებებში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მათზე ზეწოლა რელიგიათა საბჭოს წევრებმა მოახდინეს. ისინი დაემუქრნენ ქალაქის მუნიციპალიტეტს, რომ თუ მოწმეებს დაგეგმილი შეხვედრების ჩატარების უფლებას მისცემდნენ, პოლიტიკურ მხარდაჭერას აღარ აღმოუჩენდნენ.

მოწმეებმა დაუყოვნებლივ შეიტანეს სარჩელი ქალაქ ლოდის რაიონულ სასამართლოში, რათა ამ უკანასკნელს ეიძულებინა ქალაქ რაანანას მუნიციპალიტეტი, შეესრულებინა კონტრაქტით გათვალისწინებული პირობები. იმის გამო, რომ შეუძლებელი იყო, სასამართლოს 18 აპრილამდე მიეღო გადაწყვეტილება, მოწმეებმა დაგეგმილი შეხვედრის ჩასატარებლად ახალი ადგილი დაიქირავეს, რაც მათ გაცილებით ძვირი დაუჯდათ. თუ ისინი შეხვედრას კონტრაქტით გათვალისწინებულ შენობაში ჩაატარებდნენ, 6-ჯერ ნაკლები თანხის გადახდა მოუწევდათ.

29 აპრილს ლოდის რაიონულმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, ქალაქ რაანანას მუნიციპალიტეტი ვალდებული იყო, შეესრულებინა კონტრაქტის პირობები. გადაწყვეტილებაში აგრეთვე აღნიშნული იყო: „[ქალაქ რაანანას] მუნიციპალიტეტმა დაარღვია [იეჰოვას მოწმეების] კონსტიტუციური უფლებები, რომლებსაც მხარს უჭერს კანონი რელიგიისა და რელიგიური რიტუალის თავისუფლად შესრულების, თავისუფლად შეკრების, თანასწორობისა და ღირსების ხელშეუხებლობის უფლების შესახებ“. ქალაქის მუნიციპალიტეტმა დაუყოვნებლივ გაასაჩივრა ეს გადაწყვეტილება და მოითხოვა, რომ მისი აღსრულება დროებით გადადებულიყო. თუმცა 1 მაისს უზენაესმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა ეს საჩივარი. გასაჩივრების მომდევნო მცდელობაც წარუმატებელი აღმოჩნდა და რაიონული სასამართლოს მიერ მოწმეების სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილება ძალაში დარჩა.

სამართალდამცავები მოწმეების უსაფრთხოებას იცავენ

იმის წყალობით, რომ უზენაესმა სასამართლომ დროულად მიიღო გადაწყვეტილება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, მოწმეებს საშუალება მიეცათ, 2 მაისს დაგეგმილი შეხვედრა ჩაეტარებინათ. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების საპასუხოდ, ადგილობრივი რელიგიების წინამძღოლებმა, მათ შორის ქალაქის მთავარმა რაბინმა და აგრესიულობით ცნობილი ერთ-ერთი ორთოდოქსული ორგანიზაციის წევრებმა, დაგეგმეს, „კოლექტიური ლოცვა“ ჩაეტარებინათ. დაახლოებით 1 500 ადამიანი შეიკრიბა იეჰოვას მოწმეების მიერ დაქირავებული შენობის წინ. ამ დროისთვის 600-მდე მოწმე უკვე მოსული იყო რელიგიურ შეხვედრაზე დასასწრებად. „კოლექტიური ლოცვა“ სწრაფად გადაიზარდა მასობრივ საპროტესტო აქციაში, რომლის დროსაც ზოგი თავს დაესხა მოწმეებს, მათ შორის ქალებსა და ბავშვებს. თავდამსხმელები მოწმეებს აფურთხებდნენ, დასცინოდნენ, შეურაცხმყოფელ ჟესტებს უჩვენებდნენ; მათ მოწმეებს ავტომობილებიც დაუზიანეს. პოლიციამ მყისვე მიიღო ზომები სიტუაციის განსამუხტავად, რის წყალობითაც მოწმეებმა შეძლეს მშვიდობიანად ჩაეტარებინათ თავიანთი შეხვედრა და დღის ბოლოს უსაფრთხოდ დაბრუნებულიყვნენ სახლებში.

ისრაელში იეჰოვას მოწმეები მადლიერნი არიან იმ უფლებამოსილი პირების, რომლებმაც მხარი დაუჭირეს მოწმეების უფლებას, თაყვანისცემის მიზნით მშვიდობიანად შეკრებილიყვნენ და წინ აღუდგნენ რელიგიურ შეუწყნარებლობასა და დისკრიმინაციას.