წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

2015 წლის 24 ნოემბერი
თურქმენეთი

თურქმენეთში ბაჰრამ ჰემდემოვს რელიგიურ საქმიანობაში მონაწილეობის გამო ოთხი წლით პატიმრობა მიუსაჯეს

თურქმენეთში ბაჰრამ ჰემდემოვს რელიგიურ საქმიანობაში მონაწილეობის გამო ოთხი წლით პატიმრობა მიუსაჯეს

2015 წლის 19 მაისს თურქმენეთში 52 წლის ბაჰრამ ჰემდემოვს, რომელიც იეჰოვას მოწმეა, ოთხი წლით პატიმრობა მიუსაჯეს. სამართალდამცავებმა ბაჰრამ ჰემდემოვი გასამართლებამდე ორი თვით ადრე დააკავეს მხოლოდ იმიტომ, რომ თურქმენეთში საკუთარ სახლში მშვიდობიან რელიგიურ შეხვედრას უძღვებოდა. იგი ამჟამად ქალაქ სეიდის შრომა-გასწორების კოლონიაში იხდის სასჯელს.

რელიგიურ შეხვედრაზე თავდასხმა

პოლიციამ 2015 წლის 14 მარტს დაარბია რელიგიური შეხვედრა, რომელიც ბაჰრამ ჰემდემოვის სახლში ტარდებოდა. სამართალდამცავებმა შეურაცხყოფა მიაყენეს ყველას, 38-ვე დამსწრეს და იმაში დაადანაშაულეს, რომ არაკანონიერ რელიგიურ საქმიანობაში მონაწილეობდნენ. ბაჰრამ ჰემდემოვს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს; მას არაერთხელ იძახებდნენ დაკითხვაზე და ფიზიკურად უსწორდებოდნენ. აგრეთვე ჩამოართვეს პირადი ნივთები, მათ შორის მანქანა, კომპიუტერი და თანხაც კი.

მოგვიანებით სერდარაბადის საოლქო სასამართლომ 30 მოწმეს, რომლებიც ზემოხსენებულ შეხვედრას ესწრებოდნენ, ფულადი ჯარიმა დააკისრა, ხოლო მათგან რვას 15-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა. ბაჰრამ ჰემდემოვის ვაჟმა, სერდარმა, ორჯერ მოიხადა 15-დღიანი სასჯელი, რომლის დროსაც სამართალდამცავებს ის სხვა პატიმრებისგან იზოლირებული ჰყავდათ; ისინი მას დაკითხვებს უწყობდნენ, სასტიკად სცემდნენ და აწამებდნენ. კიდევ ერთ მოწმეს, ემირზჰან ჰუმნაზაროვს, რომელსაც ასევე 15-დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს, სასტიკად სცემდნენ და წამებით ემუქრებოდნენ.

2015 წლის 19 მაისს ლებაპის საოლქო სასამართლოს მოსამართლემ, გოტფმურად ტფარიჯევმა, ბაჰრამ ჰემდემოვს ოთხი წლით პატიმრობა მიუსაჯა ცრუ ბრალდების საფუძველზე, რომლის თანახმადაც, ის თითქოს „რელიგიურ სიძულვილს აღვივებდა“. ბაჰრამ ჰემდემოვი 2015 წლის 10 ივნისს თურქმენაბადიდან სეიდის შრომა-გასწორების კოლონიაში გადაიყვანეს.

ციხის უფროსი არავის, თვით ოჯახის წევრებსაც კი არ აძლევდა უფლებას, მოენახულებინათ ბაჰრამ ჰემდემოვი, სანამ გასაჩივრების ვადა არ ამოიწურა. ამგვარად ციხის უფროსმა ბაჰრამ ჰემდემოვს და მის წარმომადგენელს ხელი შეუშალა იმაში, რომ გაესაჩივრებინათ გამოტანილი განაჩენი. სამართალდამცავები ბაჰრამ ჰემდემოვს დაპატიმრების დღიდან აიძულებენ, რომ ცრუ ბრალდებები აღიაროს; ისინი მძიმედ ამუშავებენ ბაჰრამს და სასტიკად უსწორდებიან იმის გამო, რომ მისმა მეუღლემ საჩივარი შეიტანა.

გულზირა ჰემდემოვმა, ბაჰრამის მეუღლემ საჩივარი შეიტანა თურქმენეთის უზენაეს სასამართლოში. მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობდა არანაირი მტკიცებულება, რომ ბაჰრამ ჰემდემოვს რაიმე დანაშაული ჰქონდა ჩადენილი, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილემ მაინც არ დააკმაყოფილა საჩივარი. აგვისტოს დასაწყისში ბაჰრამ ჰემდემოვის ადვოკატმა კიდევ ერთი საჩივარი შეიტანა. 2015 წლის 25 აგვისტოს უზენაესმა სასამართლომ უარი თქვა საჩივრის განხილვაზე, რადგან მათი აზრით, ბაჰრამ ჰემდემოვი „იეჰოვას მოწმეების რელიგიურ სწავლებებს უწევდა პროპაგანდას“.

„თურქმენეთში სამართალდამცავები უსამართლოდ იქცევიან ... გაუგებარია, თურქმენაბადის უზენაესმა სასამართლომ რატომ არ გაამართლა ბაჰრამ ჰემდემოვი“ (ფილიპ ბრამლი)

თურქმენაბადში მოწმეებს ავიწროებენ

2014 წლის დასასრულს თურქმენეთის მთავრობამ იეჰოვას მოწმეების რელიგიური საქმიანობის მიმართ ერთგვარი შემწყნარებლობა გამოიჩინა. 2014 წლის სექტემბერში ციხიდან გაათავისუფლეს ბიბი რახმანოვა, რომელიც ცრუ ბრალდებების საფუძველზე ამავე წლის აგვისტოში დააპატიმრეს. სხვა 8 მოწმეს, რომლებიც რელიგიურ მსახურებაში მონაწილეობის გამო იხდიდნენ სასჯელს, პრეზიდენტის ამნისტია შეეხო და შედეგად, 2014 წლის ოქტომბერში ისინი გაათავისუფლეს. მოვლენების ამგვარი განვითარების მიუხედავად, ადგილობრივი მთავრობის ზოგი წარმომადგენელი კვლავ რელიგიურ შეუწყნარებლობას ავლენს იეჰოვას მოწმეების მიმართ — მათ აკავებენ, აპატიმრებენ და ავიწროებენ თურქმენაბადში.

2015 წლის 6 თებერვალს სამართალდამცავებმა დააპატიმრეს 4 იეჰოვას მოწმე — ვიქტორ იარიგინი, რუსტამ ნაზაროვი, ჩარიგელდ ჯუმაევი და ჯამილა ადილოვა. ისინი „წვრილმან ხულიგნობაში“ დაადანაშაულეს იმის გამო, რომ რელიგიური ლიტერატურა აღმოუჩინეს. უშიშროების სამინისტროს თანამშმრომლებმა სამ მოწმეს, მათ შორის ჯამილა ადილოვას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. მათ ისე სასტიკად სცემეს ჩარიგელდ ჯუმაევს, რომ მან რამდენჯერმე დაკარგა გონება. თურქმენეთის საქალაქო სასამართლომ ვიქტორ იარიგინს ჯარიმა დააკისრა, რუსტამ ნაზაროვს 30-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა, ხოლო ჩარიგელდ ჯუმაევსა და ჯამილა ადილოვას — 45-დღიანი პატიმრობა. * ამ ოთხმა მოწმემ საჩივრით მიმართა პრეზიდენტის ადმინისტრაციას და გენერალურ პროკურატურას აშხაბადში.

ორი კვირის შემდეგ პოლიცია შეიჭრა ზეინებ ჰუსეინოვას სახლში იმ მიზნით, რომ „უკანონო“ რელიგიური ლიტერატურა აღმოეჩინა. მას ჩამოართვეს რელიგიური შინაარსის პირადი ლიტერატურა და დაემუქრნენ, რომ გაასამართლებდნენ და 15 დღით დააპატიმრებდნენ.

კიდევ ერთ მოწმეს, დოვლეტ კანდიმოვს ბრალად დასდეს უკანონო რელიგიურ საქმიანობაში მონაწილეობა და ზედიზედ სამჯერ დააკავეს 15 დღით. ციხეში ყოფნის დროს სამართალდამცავები გამუდმებით სცემდნენ მას იმის გამო, რომ თავისი თანამორწმუნის, ბაჰრამ ჰემდემოვის წინააღმდეგ ვერაფერი ათქმევინეს.

პატივს სცემს თურქმენეთი რელიგიის თავისუფლების კონსტიტუციურ უფლებას?

2015 წლის გაზაფხულიდან თურქმენაბადში სამართალდამცავებმა შეწყვიტეს იეჰოვას მოწმეების შევიწროება. მაგრამ ბაჰრამ ჰემდემოვი დღემდე სასჯელს იხდის მხოლოდ იმის გამო, რომ რელიგიურ მსახურებას ეწეოდა.

ბაჰრამი თავის მეუღლესთან, გულზირასთან და უმცროს ვაჟთან ერთად

თურქმენეთში კანონით უნდა იყოს დაცული რელიგიური მსახურება, რომელიც მშვიდობიან პირობებში სრულდება, მათ შორის იეჰოვას მოწმეების რელიგიური საქმიანობა. როგორც ცნობილია, ქვეყნის კონსტიტუციით დაცულია ადამიანის უფლება, „შეასრულოს რელიგიური მსახურება როგორც მარტომ, ისე სხვებთან ერთად“; ამას გარდა, „ისარგებლოს რწმენის თავისუფლებით და თავისუფლად გამოხატოს საკუთარი მრწამსი“. მეტიც, თურქმენეთმა სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის რატიფიცირება მოახდინა, რაც აზრის, სინდისისა და რელიგიის თავისუფლების გარანტიას იძლევა.

ფილიპ ბრამლი, იეჰოვას მოწმეების მრჩეველი იურიდიულ საკითხებთან დაკავშირებით, აღნიშნავს:

თურქმენეთში სამართალდამცავები უსამართლოდ იქცევიან და ყოველმხრივ სცდებიან დადგენილ ნორმებს. თურქმენაბადში პოლიციის თანამშრომლები უკანონოდ იქცეოდნენ და არბევდნენ მშვიდობიან რელიგიურ შეკრებებს. ამ ქალაქში მოსამართლეები მხარს უჭერდნენ ამ უკანონო ქმედებებს. გაუგებარია, თურქმენაბადის უზენაესმა სასამართლომ რატომ არ გაამართლა ბაჰრამ ჰემდემოვი.

იეჰოვას მოწმეები მიმართავენ თურქმენეთის მთავრობას, რომ მათი ადგილობრივი რელიგიური პირი გაატარონ რეგისტრაციაში, რათა რელიგიური მსახურების მშვიდობიან პირობებში შესრულების საშუალება მიეცეთ; ისინი აგრეთვე ითხოვენ, რომ წერტილი დაესვას მოწმეების შევიწროებას, როგორც ეს თურქმენაბადში ცოტა ხნის წინ ხდებოდა. ჩვენ მივმართავთ თხოვნით მთავრობას, რომ გაათავისუფლონ ბაჰრამ ჰემდემოვი, რათა დაუბრუნდეს თავის ოჯახს.

იეჰოვას მოწმეები მადლიერებას გამოთქვამენ თურქმენეთის მთავრობის მიმართ იმის გამო, რომ მათ გასულ წელს გაათავისუფლეს რამდენიმე პატიმარი და ამგვარად აღადგინეს სამართლიანობა. მსგავსად ამისა, კარგი იქნება, თუ ამჯერადაც თურქმენეთის მთავრობა მხედველობაში მიიღებს ყველა გარემოებას და ვადაზე ადრე გაათავისუფლებს ბაჰრამ ჰემდემოვს, რითაც რელიგიურ შემწყნარებლობას გამოავლენს.

^ აბზ. 11 თურქმენეთის ადმინისტრაციული კოდექსით „წვრილმანი ხულიგნობა“ არაუმეტეს 15-დღიანი პატიმრობით ისჯება. მიუხედავად ამისა, დოვლეტ კანდიმოვს ზედიზედ სამჯერ მიუსაჯეს 15-დღიანი პატიმრობა.