წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

თურქმენეთი

რწმენის გამო დაპატიმრებულები

რწმენის გამო დაპატიმრებულები

2015 წლის 14 მარტს პოლიციამ დაარბია რელიგიური შეხვედრა, რომელიც თურქმენაბადში, ბაჰრამ ჰემდემოვის სახლში ტარდებოდა. 38 იეჰოვას მოწმე დააპატიმრეს და უკანონო რელიგიურ საქმიანობაში დაადანაშაულეს. სამართალდამცავებმა მათ შეურაცხყოფა მიაყენეს და მათგან ოცდაათს ჯარიმა დააკისრეს, დანარჩენები კი 15 დღით დააპატიმრეს. მოგვიანებით ლებაპის საოლქო სასამართლომ ბაჰრამ ჰემდემოვს 4 წლით პატიმრობა მიუსაჯა. ის სეიდის შრომა-გასწორების კოლონიაში იხდის სასჯელს. იეჰოვას მოწმეები ყველანაირად ცდილობენ, რომ უსამართლოდ დაპატიმრებული ჰემდემოვი გაათავისუფლონ.

ცრუ ბრალდებით დაპატიმრებული

32 წლის მანსურ მაშარიპოვი 2016 წლის 30 ივნისს დააპატიმრეს. რელიგიური საქმიანობის გამო პოლიცია მას 2014 წლის ზაფხულიდან დევნიდა და ავიწროებდა. მანსურ მაშარიპოვი პოლიციელის შეურაცხყოფაში დაადანაშაულეს; სინამდვილეში კი თავად პოლიციის თანამშრომლები გაუსწორდნენ მას სასტიკად. 2016 წლის 18 აგვისტოს თურქმენეთის სასამართლომ მას ერთწლიანი პატიმრობა მიუსაჯა საერთო რეჟიმის კოლონიაში. მანსურ მაშარიპოვმა გაასაჩივრა სასამართლოს გადაწყვეტილება.

სინდისის, რელიგიისა და მრწამსის თავისუფლების უფლება კვლავ ილახება

2015 და 2016 წლებში გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტმა 9 გადაწყვეტილება მიიღო იმ ახალგაზრდა მოწმეების სასარგებლოდ, რომლებიც რელიგიური მოსაზრებით სამხედრო სამსახურზე უარის თქმის გამო დააპატიმრეს. ისინი გაუსაძლის პირობებში იხდიდნენ სასჯელს. ამჟამად თურქმენეთის მთავრობა აღარ აპატიმრებს მათ, ვინც რწმენის გამო უარს ამბობს სამხედრო სამსახურზე.

გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტს კიდევ ორმა იეჰოვას მოწმემ მიმართა საჩივრით, რომლებიც ცრუ ბრალდებით იმ მიზნით დააპატიმრეს, რომ შეეზღუდათ მათი რელიგიური საქმიანობა. 2012 წლის აპრილში ამ კომიტეტმა თავის დასკვნაში თურქმენეთის მთავრობას მოუწოდა, „დარწმუნდეს, რომ არ არღვევს [სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა შესახებ საერთაშორისო პაქტით ნაკისრ ვალდებულებას] და ქვეყანაში არსებული რელიგიური ორგანიზაციების რეგისტრაციის საკითხთან დაკავშირებული კანონები თუ წესები არ ლახავს ადამიანის უფლებას, თავისუფლად შეასრულოს თავისი რელიგიური მსახურება“. 2008 წელს იეჰოვას მოწმეებმა მთავრობას თხოვნით მიმართეს, რეგისტრაციაში გაეტარებინა თავიანთი იურიდიული პირი, თუმცა მთავრობამ მათი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

მოწმეები იმედოვნებენ, რომ მდგომარეობა გაუმჯობესდება

იეჰოვას მოწმეები მადლიერებას გამოთქვამენ იმის გამო, რომ თურქმენეთის მთავრობამ რამდენიმე პატიმარი გაათავისუფლა და ამგვარად სამართლიანობა აღადგინა. * ისინი იმედოვნებენ, რომ მთავრობა გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის გადაწყვეტილების თანახმად იმოქმედებს — სრულად დაუჭერს მხარს ადამიანის უფლებებს, განსაკუთრებით კი სინდისის, რელიგიისა და აზრის თავისუფლების უფლებას. იეჰოვას მოწმეების ადვოკატი აღნიშნავს: „მოწმეები ოპტიმისტურად არიან განწყობილნი და ფიქრობენ, რომ მთავრობასთან კონსტრუქციული დიალოგი მნიშვნელოვანწილად შეუწყობს ხელს იმას, რომ მათ მშვიდობიან პირობებში, ერთგულად და სუფთა სინდისით ემსახურონ ღმერთს“.

დროის დიაგრამა

  1. 2016 წლის 18 აგვისტო

    მანსურ მაშარიპოვი ცრუ ბრალდების საფუძველზე დამნაშავედ ცნეს და ერთწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

  2. 2016 წლის ივლისი

    გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტმა ხუთი გადაწყვეტილება მიიღო იმ იეჰოვას მოწმეების სასარგებლოდ, რომლებმაც მრწამსის გამო უარი განაცხადეს სამხედრო სამსახურზე.

  3. 2015 წლის 14 დეკემბერი

    გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტმა იმ სამი იეჰოვას მოწმის სასარგებლოდ მიიღო გადაწყვეტილება, რომლებმაც მრწამსის გამო უარი განაცხადეს სამხედრო სამსახურზე. კიდევ ერთი მსგავსი გადაწყვეტილება კომიტეტმა 2015 წლის 19 მაისს მიიღო.

  4. 2015 წლის 19 მაისი

    ბაჰრამ ჰემდემოვი რელიგიური საქმიანობის გამო გაასამართლეს და ოთხი წლით პატიმრობა მიუსაჯეს. ის გასამართლებამდე ორი თვით ადრე დააკავეს.

  5. 2015 წლის თებერვალი/მარტი

    რელიგიური მოსაზრებით სამხედრო სამსახურზე უარის თქმის გამო დაპატიმრებული ორი იეჰოვას მოწმე გაათავისუფლეს.

  6. 2014 წლის 18 ნოემბერი

    რელიგიური მოსაზრებით სამხედრო სამსახურზე უარის თქმის გამო ორი იეჰოვას მოწმე დააპატიმრეს.

  7. 2014 წლის 22 ოქტომბერი

    თურქმენეთის პრეზიდენტის ამნისტია რვა იეჰოვას მოწმეს შეეხო.

  8. 2014 წლის 30 სექტემბერი

    ცხრა იეჰოვას მოწმე დააპატიმრეს; მათგან შვიდი — რელიგიური მოსაზრებით სამხედრო სამსახურზე უარის თქმის გამო, ხოლო ორი — ცრუ ბრალდებით რელიგიური მსახურების გამო.

  9. 2014 წლის 2 სექტემბერი

    თურქმენეთის მთავრობამ გაათავისუფლა ბიბი რახმანოვა და სასჯელი, რომელიც მისთვის ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა, პირობითი სასჯელით შეუცვალა.

  10. 2014 წლის 18 აგვისტო

    ბიბი რახმანოვას ცრუ ბრალდება წაუყენეს და ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს.

  11. 2014 წლის 25 ივლისი

    შვიდი იეჰოვას მოწმე დააპატიმრეს; მათგან ხუთი — რელიგიური მოსაზრებით სამხედრო სამსახურზე უარის თქმის გამო, ხოლო ორი — ცრუ ბრალდებით რელიგიური მსახურების გამო.

  12. 2014 წლის 6 აპრილი

    ოცდაექვსი იეჰოვას მოწმე დააკავეს; მათგან ცამეტი ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე დააპატიმრეს, დანარჩენ ცამეტ მოწმეს კი ჯარიმის გადახდა დააკისრეს.

  13. 2013 წლის ნოემბერი

    ცხრა იეჰოვას მოწმე დააპატიმრეს; რვა — რელიგიური მოსაზრებით სამხედრო სამსახურზე უარის თქმის გამო, ხოლო ერთი — ცრუ ბრალდებით რელიგიური მსახურების გამო.

  14. 2013 წლის 29 აგვისტო

    სამმა იეჰოვას მოწმემ გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტს საჩივრით მიმართა, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ თურქმენეთი არ ცნობდა მათ უფლებებს, რელიგიური მოსაზრებით უარი ეთქვათ სამხედრო სამსახურზე.

  15. 2013 წლის 1 მაისი

    ორმა იეჰოვას მოწმემ საჩივრით მიმართა გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტს იმის გამო, რომ თურქმენეთი არღვევდა მათ უფლებას, რელიგიური მოსაზრებით უარი ეთქვათ სამხედრო სამსახურზე.

  16. 2013 წლის 24 იანვარი

    რამდენიმე კვირაში მას შემდეგ, რაც გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტმა თურქმენეთის მთავრობას მოუწოდა, ნაკისრი ვალდებულება შეესრულებინა, 30 პოლიციელი ნავრუზ ნაზირლაიევის სახლში შეიჭრა და ჩხრეკა აწარმოა. პოლიციელები ფიზიკურად გაუსწორდნენ ნავრუზ ნაზირლაიევს, მისი ოჯახის წევრებს და მის სტუმრებს.

  17. 2012 წლის 7 სექტემბერი

    ათმა იეჰოვას მოწმემ საჩივრით მიმართა გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტს, რადგან თურქმენეთი არ ცნობდა მათ უფლებას, რწმენის გამო უარი ეთქვათ სამხედრო სამსახურზე. მთავარი მომჩივანი ნავრუზ ნაზირლაიევი იყო.

  18. 2008 წლის 21 აგვისტო

    იეჰოვას მოწმეებმა მოითხოვეს, რეგისტრაციაში გაეტარებინათ თავიანთი იურიდიული პირი.