წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

17 მარტი, 2014
თურქეთი

თურქეთი არღვევს ევროპულ სტანდარტებს

თურქეთი არღვევს ევროპულ სტანდარტებს

„ყველა თურქი მეომრადაა დაბადებული“. თურქებს ამ სიტყვებს ბავშვობიდან ჩააგონებენ; ჯარისკაცებს ამ ფრაზას გამუდმებით უმეორებენ; და ეს სიტყვები პოლიტიკურ გამოსვლებშიც ხშირად გაისმის. ყველა მამაკაცმა, რომელიც თურქეთის მოქალაქედ ითვლება, აუცილებლად უნდა გაიაროს სამხედრო სამსახური. როცა თურქეთში ვინმეს სამხედრო სამსახურში იწვევენ, ამას ზარ-ზეიმით ეგებებიან. ყოველივე ზემოთქმულის შემდეგ, ალბათ, გასაკვირი არცაა, რომ თურქეთი არ აღიარებს თავისი მოქალაქეების ძირითად უფლებას, რწმენის გამო უარი თქვან სამხედრო სამსახურზე.

თურქეთი ერთ-ერთია იმ რამდენიმე ევროკავშირის წევრ ქვეყანას შორის, რომელიც არ ცნობს მათ უფლებას, ვინც სინდისის, რწმენისა და აღმსარებლობის გამო ამბობს უარს სამხედრო სამსახურზე

თურქეთი ევროსაბჭოს წევრი ქვეყანაა; მან ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის რატიფიცირება მოახდინა, რის შედეგადაც ვალდებულება აიღო, რომ ევროპულ სტანდარტებს დაიცავდა. მას შემდეგ, რაც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ საქმე „ბაიათიანი სომხეთის წინააღმდეგ“ ბაიათიანის სასარგებლოდ გადაწყვიტა, თურქეთს ევროსაბჭოს წინაშე პასუხისმგებლობა დაეკისრა, რომ ეღიარებინა მათი უფლებები, ვინც სინდისის, რწმენისა და აღმსარებლობის გამო უარს ამბობს სამხედრო სამსახურზე. თურქეთმა არ გაითვალისწინა ზემოაღნიშნული და სამწუხაროდ, ამის მწარე შედეგებს დღეს ისინი იწვნევენ, ვინც რელიგიური მოსაზრებების გამო უარს ამბობს სამხედრო სამსახურზე.

ბოლო ათი წლის მანძილზე 55-მა იეჰოვას მოწმემ, რომლებიც რწმენის გამო უარს ამბობდნენ სამხედრო სამსახურზე, თურქეთის მთავრობას არაერთხელ მიმართა წერილობითი თხოვნით, რომ დაეცვათ მათი უფლება. მათი არც ერთი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა; მათ წინააღმდეგ არაერთი საქმე აღიძრა, ბევრს დიდი ფულადი ჯარიმა დაეკისრა, ზოგს კი წლები მოუწია ციხეში ყოფნა. დღესდღეობით კვლავაც გრძელდება ზეწოლა 15 იეჰოვას მოწმეზე, რომლებსაც არაერთხელ უწევთ სასამართლოს წინაშე წარდგომა თავიანთი მტკიცე პოზიციის გამო.

„სინდისის კარნახით მოვიქცევი“

„რაოდენ ძლევამოსილიც არ უნდა იყოს სახელმწიფო, ის ვერასდროს შეძლებს შემაცვლევინოს გადაწყვეტილება — მე ყოველთვის ბიბლიით განსწავლული სინდისის კარნახით მოვიქცევი და იმ სიტყვების თანახმად ვიცხოვრებ, რომელიც ღვთის ნებით ესაიას 2:4-შია ჩაწერილი“. ეს ცნობილი ბიბლიური მუხლი, სადაც წერია, რომ ადამიანები „თავიანთი მახვილებისგან სახნისებს გამოჭედავენ და აღარ ისწავლიან ომს“, ნიუ-იორკში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მთავარი შტაბ-ბინის წინ აღმართულ კედელზეა ამოტვიფრული. სწორედ ამ სიტყვებით ახსნა ფეტი დემირტაშმა, 25 წლის თურქმა ახალგაზრდამ იმის მიზეზი, თუ რატომ იყო მზად, სამხედრო სამსახურზე უარის თქმის გამო გამომშვიდობებოდა თავისუფლებას და ციხეში წასულიყო. ფეტი იეჰოვას მოწმეა და მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, ბიბლიით განსწავლული სინდისის კარნახით მოიქცეს. სამწუხაროდ ამის გამო ის ათჯერ გაასამართლეს; მთლიანობაში მან პატიმრობაში წელიწად-ნახევარზე მეტი გაატარა.

პირველი პატიმრობის დროს მას ერთმა ოფიცერმა სამხედრო ფორმის ჩაცმა უბრძანა, რაზეც ფეტიმ უარი განაცხადა, რადგან მას ბიბლიით განსწავლული სინდისი ამის ნებას არ რთავდა. ამის შემდეგ სამხედრო ნაწილის მეთაურმა ის 400 კაცის წინაშე დააყენა და სამხედრო ფორმის ჩაცმა უბრძანა. ფეტი ამჯერადაც მტკიცედ იდგა თავის პოზიციაზე. რა აღარ გამოიარა ფეტიმ პირველი პატიმრობის დროს: მას სიტყვიერად შეურაცხყოფდნენ, ფიზიკურად უსწორდებოდნენ; ციხის მცველები სახეში და თავში ურტყამდნენ.

2006 წლის აპრილში, როდესაც ფეტი მეხუთედ დააპატიმრეს, მცველებმა მას უბრძანეს, გაეხადა შარვალი და მაისური და სამხედრო ფორმა ჩაეცვა. ამის გამო ფეტი ოთხი დღით მკაცრი რეჟიმის კოლონიაში გადაიყვანეს. მათ სურდათ, როგორმე გაეტეხათ იგი; ამიტომ ღამით ხელბორკილებით ლოგინს მიაბეს, დღე კი რკინის კარნიზზე იყო მიბმული. ფეტი იხსენებს: „მთელი დღე შიშისგან ვკანკალებდი და ღამით თვალს ვერ ვხუჭავდი, რადგან არ ვიცოდი, რა მელოდა წინ. ემოციურად გათანგული და ძალაგამოცლილი ვიყავი, მაგრამ არ ვაპირებდი საკუთარი პოზიციის დათმობას“.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო იცავს მათ უფლებებს, ვინც მრწამსის გამო უარს ამბობს სამხედრო სამსახურზე

2007 წელს ფეტი დემირტაშმა სარჩელი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში შეიტანა. ფეტის განცხადებით, თურქეთის მთავრობამ შელახა მისი უფლებები, როცა მრწამსის საფუძველზე სამხედრო სამსახურზე უარის თქმის გამო პატიმრობა შეუფარდა. 2012 წლის 17 იანვარს სასამართლომ გადაწყვეტილება მის სასარგებლოდ მიიღო და დაადასტურა, რომ ფეტი არაადამიანური და სასტიკი მოპყრობის მსხვერპლი გახდა; აგრეთვე ხაზგასმით აღინიშნა, რომ მათ უფლებებს, ვინც მრწამსის გამო უარს ამბობს სამხედრო სამსახურზე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო იცავს. *

მას შემდეგ, რაც ამ საკითხთან დაკავშირებით ევროპულმა სასამართლომ ცალსახად დააფიქსირა თავისი პოზიცია, ფეტის იმედი გაუჩნდა, რომ თურქეთის მთავრობა შეწყვეტდა მის უსამართლო დევნას. თურქეთის მთავრობამ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოთხოვნით ფეტის კომპენსაციის სახით 20 000 ევრო გადაუხადა. თუმცა, ოთხი თვეც არ იყო გასული, რომ თურქეთის სამხედრო სასამართლომ მის წინააღმდეგ კვლავ აღძრა საქმე და სამხედრო სამსახურზე უარის თქმის გამო ორთვე-ნახევრით პატიმრობა მიუსაჯა. ფეტიმ სამხედრო სასამართლოში გაასაჩივრა ეს გადაწყვეტილება, მაგრამ ეს საქმე დღემდე არ განხილულა.

გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტიც იცავს მათ უფლებებს, ვინც რწმენის გამო უარს ამბობს სამხედრო სამსახურზე

თურქეთმა გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტისგან მიღებული მითითებებიც არ გაითვალისწინა. 2008 წელს ორმა იეჰოვას მოწმემ, ჯენკ ატასოიმ და არდა სარკუტიმ, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს წერილობითი თხოვნით მიმართეს, სადაც აღნიშნული იყო, რომ თურქეთის მთავრობის წარმომადგენლები არღვევდნენ მათ უფლებებს და სამხედრო სამსახურზე უარის თქმის გამო არაერთხელ ასამართლებდნენ. 2012 წლის 29 მარტს ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის მიერ მიღებულ დადგენილებაში ნათქვამი იყო, რომ „ნებისმიერ ადამიანს უფლება აქვს, გათავისუფლდეს სავალდებულო სამხედრო სამსახურიდან, თუკი ეს სამსახური ეწინააღმდეგება მის რელიგიასა თუ მრწამსს, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ წინააღმდეგ საქმის აღძვრა და იმ ადამიანების დაპატიმრება, ვინც რწმენის გამო უარს ამბობს სამხედრო სამსახურზე, [საერთაშორისო სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შეთანხმების] მე-18 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მათი უფლებების ხელყოფაა“.

როგორ გამოეხმაურა თურქეთის მთავრობა ამ არაორაზროვან მითითებებს? დღემდე ზემოხსენებულ ორ იეჰოვას მოწმეს ყოველ ოთხ თვეში ერთხელ იძახებენ კომისარიატში. * ისინი სხვა სახის ზეწოლასაც ხვდებიან და მათ დიდ ჯარიმებსაც აკისრებენ.

თურქ იეჰოვას მოწმეებს ვერავინ და ვერაფერი ათქმევინებს უარს ბიბლიური მცნების დაცვაზე — უყვარდეთ მოყვასი! თითოეულ იეჰოვას მოწმეს უფლება უნდა ჰქონდეს, თავად მიიღოს გადაწყვეტილება, შეასრულებს თუ არა სამხედრო სამსახურს. ფეტი დემირტაშმა და სხვა მოწმეებმა გადაწყვიტეს, არ დაარღვიონ ბიბლიური მცნება, ხელში არ აიღონ იარაღი და ყოველთვის თავიანთი სინდისის კარნახით იმოქმედონ.

ეს ახალგაზრდები იმედოვნებენ, რომ მთავრობა აღიარებს მათ იურიდიულ უფლებებს. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო და გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი მოელიან, რომ თურქეთის მთავრობა მათი დადგენილებების თანახმად იმოქმედებს და აღიარებს მათ უფლებებს, ვინც რწმენის გამო უარს ამბობს სამხედრო სამსახურზე. ჯერჯერობით თურქეთის მთავრობა არ ითვალისწინებს ევროსაბჭოს მოთხოვნას და პატივს არ სცემს ადამიანს ძირითად უფლებას, სინდისის, რწმენისა და აღმსარებლობის გამო უარი თქვას სამხედრო სამსახურზე.

^ აბზ. 10 ეს არ იყო სამხედრო სამსახურის თაობაზე თურქეთის წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული პირველი გადაწყვეტილება. 2011 წლის ნოემბერში ზემოაღნიშნულმა სასამართლომ კიდევ ერთი თურქი იეჰოვას მოწმის, იუნუს ერჩეპის სასარგებლოდ მიიღო გადაწყვეტილება. ეს მამაკაცი 14 წლის მანძილზე სამხედრო სამსახურზე უარის თქმის გამო 41-ჯერ გაასამართლეს.

^ აბზ. 14 თურქეთის მთავრობის მიერ ახლახან მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, ახალგაზრდებს ყოველ სამ თვეში ერთხელ გამოიძახებენ სამხედრო კომისარიატში.