არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

სამეფო დარბაზი მერსინში

2016 წლის 3 ივნისი
თურქეთი

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო თურქეთის მთავრობას მოუწოდებს, იეჰოვას მოწმეთა სამეფო დარბაზებს „თაყვანისცემის ადგილის“ სტატუსი მიანიჭოს

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო თურქეთის მთავრობას მოუწოდებს, იეჰოვას მოწმეთა სამეფო დარბაზებს „თაყვანისცემის ადგილის“ სტატუსი მიანიჭოს

2016 წლის 24 მაისს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მხარი დაუჭირა თურქეთში რელიგიური უმცირესობების უფლებებს. სასამართლოს გადაწყვეტილება ეხებოდა თურქეთის კანონს მშენებლობის ნებართვის თაობაზე, რომელიც მეტისმეტად მკაცრ მოთხოვნებს ადგენს და იეჰოვას მოწმეების სამეფო დარბაზებს „თაყვანისცემის ადგილის“ სტატუსს არ ანიჭებს.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ თურქეთის კანონი თაყვანისცემის ადგილად მხოლოდ დიდ და შთამბეჭდავ შენობა-ნაგებობებს აღიარებს და არა პატარა და უბრალო შენობებს. შედეგად, თურქეთის მთავრობა ზღუდავს მოწმეების უფლებას, თავისუფლად შეასრულონ თავიანთი რელიგიური მსახურება, რითაც არღვევს ევროპის კონვენციის მე-9 მუხლს. * ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილებაში აღნიშნული იყო, რომ თურქეთის მთავრობამ კანონი მშენებლობის ნებართვის თაობაზე რელიგიური უმცირესობების, მათ შორის იეჰოვას მოწმეების საქმიანობის შეზღუდვის მიზნით გამოიყენა.

კანონი მშენებლობის ნებართვის თაობაზე რელიგიური უმცირესობების წინააღმდეგაა მიმართული

იეჰოვას მოწმეების რელიგია მთელი თურქეთის მასშტაბით არის დარეგისტრირებული. მოწმეები მრავალი წლის მანძილზე მიმართავდნენ თხოვნით მთავრობას, რომ თავიანთი სამეფო დარბაზები კანონის საფუძველზე თაყვანისცემის ადგილებად ეღიარებინათ. თუმცა თურქეთის მთავრობა დღემდე უარს აცხადებს მოწმეების თხოვნის დაკმაყოფილებაზე.

თურქეთში იეჰოვას მოწმეების 25 სამეფო დარბაზს დახურვის საშიშროება ემუქრება, ვინაიდან ამ შენობებს არა აქვს „თაყვანისცემის ადგილის“ სტატუსი. 2003 წლის აგვისტოს შემდეგ უფლებამოსილმა პირებმა ქალაქ მერსინში და აქჩაიში უკვე დახურეს სამეფო დარბაზები. ხოლო ქარშიაქას რაიონში (იზმირი) უფლებამოსილმა პირებმა უარი განაცხადეს, იეჰოვას მოწმეების სამეფო დარბაზები თაყვანისცემის ადგილებად ეღიარებინათ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ 24 მაისს მიღებული გადაწყვეტილება სწორედ ქალაქ იზმირსა და მერსინში მომხდარ ფაქტებს ეხებოდა.

2003 წლამდე თურქეთის კანონი თაყვანისცემისთვის განკუთვნილი შენობების აგებასთან დაკავშირებით მხოლოდ მეჩეთების აშენების ნებართვას იძლეოდა. ამ დრომდე ხელისუფლების წარმომადგენლები იეჰოვას მოწმეებს კერძო სახლებში შეკრების ნებას რთავდნენ. 2003 წელს თურქეთის მთავრობამ შესწორება შეიტანა კანონში (№ 3194) მშენებლობის ნებართვის თაობაზე, რათა ის შესაბამისობაში მოეყვანა ევროპულ სტანდარტებთან, რომლებიც მხარს უჭერს რელიგიის თავისუფლების უფლებას. კანონში არაერთი ცვლილება შევიდა. მაგალითად, მასში სიტყვა „მეჩეთის“ ნაცვლად გამოიყენეს „თაყვანისცემის ადგილი“. სახეცვლილი კანონი ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს მოუწოდებს, რელიგიური მსახურებისთვის განკუთვნილი შენობების ასაგებად ადგილები გამოყონ.

თეორიულად კანონში შესული ცვლილებები რელიგიურ უმცირესობებს უფლებას აძლევს, ააშენონ და განკარგონ თავიანთი თაყვანისცემისთვის განკუთვნილი შენობები. მაგრამ ზემოაღნიშნული კანონის თანახმად, ასეთი შენობების ფართობი საკმარისად დიდი უნდა იყოს, რათა იქ უამრავი მორწმუნე შეიკრიბოს. გარდა ამისა, ამ შენობების დიზაინი მუსლიმების რელიგიური მსახურების შესრულებაზე უნდა იყოს მორგებული.

უფლებამოსილი პირები კანონს სათავისოდ იყენებენ და რელიგიური უმცირესობების უფლებებს ზღუდავენ

ადგილობრივი მუნიციპალიტეტები მცირე ზომის შენობებს „თაყვანისცემის ადგილის“ სტატუსს არ ანიჭებენ და არ აკმაყოფილებენ იეჰოვას მოწმეების მოთხოვნას, შესწორება შეიტანონ კანონში მშენებლობის ნებართვის თაობაზე. იეჰოვას მოწმეებმა საჩივრით მიმართეს ადმინისტრაციულ ორგანოებსა და უზენაეს სასამართლოს, თუმცა უშედეგოდ. ზემდგომმა ორგანოებმა მხარი დაუჭირეს მოქმედ კანონს და იეჰოვას მოწმეების სამეფო დარბაზები თაყვანისცემის ადგილებად არ აღიარეს.

ქალაქ მერსინში და აქჩაიში მუნიციპალიტეტებმა სახეცვლილი კანონი სათავისოდ გამოიყენეს და იეჰოვას მოწმეების სამეფო დარბაზები დახურეს, რადგან ამ შენობებს „თაყვანისცემის ადგილის“ სტატუსი არ ჰქონდა მინიჭებული. მოწმეებმა მუნიციპალიტეტებს ალტერნატიული ადგილები სთხოვეს, სადაც თავიანთ შეხვედრებს ჩაატარებდნენ, მაგრამ სახელმწიფო ორგანოებმა ამაზე უარი განაცხადეს.

მსგავს სირთულეებს რელიგიური უმცირესობები, მათ შორის იეჰოვას მოწმეები მთელი თურქეთის მასშტაბით აწყდებიან. მდგომარეობის გამოსწორების არანაირი პერსპექტივა არ ჩანს. დღემდე იეჰოვას მოწმეებმა თურქეთში 27 მუნიციპალიტეტის სახელმწიფო ორგანოებს 46­-ჯერ მიმართეს თხოვნით იმის თაობაზე, რომ მათი სამეფო დარბაზებისთვის „თაყვანისცემის ადგილის“ სტატუსი მიენიჭებინათ, თუმცა ყოველი მცდელობა უშედეგოდ დასრულდა. რელიგიური ორგანიზაციები, რომელთა თაყვანისცემის ადგილები ოფიციალურადაა აღიარებული, თავისუფლდებიან კომუნალური გადასახადებისგან. მათგან განსხვავებით, იეჰოვას მოწმეები ვერ სარგებლობენ ამ შეღავათით.

იეჰოვას მოწმეები ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართავენ

ვიდრე იეჰოვას მოწმეები ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართავდნენ საჩივრით, მათ ყველა ადგილობრივ სასამართლო ორგანოს მიმართეს დახმარებისთვის. ქვეყნის უმაღლესმა ადმინისტრაციულმა სასამართლომ არც ერთხელ არ დააკმაყოფილა იეჰოვას მოწმეების თხოვნა. ზემოაღნიშნულმა სასამართლომ მოწმეების სასარგებლოდ მიღებული პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაც კი გააუქმა.

იეჰოვას მოწმეებმა 2010 და 2012 წლებში ორჯერ მიმართეს თხოვნით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს, დაედგინა, არღვევს თუ არა თურქეთი ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას. ევროპულმა სასამართლომ მის მიერ შემუშავებულ სტანდარტებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ ქვეყანაში უნდა არსებობდეს კანონმდებლობა, რომელიც დააკმაყოფილებს ყველა რელიგიური უმცირესობის მოთხოვნას თაყვანისცემის ადგილების თაობაზე.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ ისეთი მცირერიცხოვანი რელიგიური გაერთიანება, როგორიცაა იეჰოვას მოწმეები, სრულად ვერ დააკმაყოფილებს კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, ააშენონ და შეიძინონ შენობები, სადაც რელიგიურ შეხვედრებს ჩაატარებენ. ევროპულმა სასამართლომ დაასკვნა, რომ ადგილობრივმა სასამართლოებმა სრული იგნორირება მოახდინეს რელიგიური უმცირესობის საჭიროებებზე ... ვინაიდან იეჰოვას მოწმეები მცირერიცხოვანი რელიგიური გაერთიანებაა, ისინი არ საჭიროებენ განსაკუთრებულ არქიტექტურულ შენობა-ნაგებობებს. მათთვის სრულიად საკმარისია მცირე ზომის, სადა შენობები, სადაც შეიკრიბებიან, თაყვანს სცემენ ღმერთს და სხვებს თავიანთი მრწამსის შესახებ ასწავლიან.

სასამართლოს გადაწყვეტილებამ ცხადყო, რომ თურქეთის მთავრობა უხეშად არღვევს იეჰოვას მოწმეების რელიგიის თავისუფლების უფლებას, ვინაიდან ის იეჰოვას მოწმეების სამეფო დარბაზებს „თაყვანისცემის ადგილის“ სტატუსს არ ანიჭებს. აჰმედ იორულმაზმა, იეჰოვას მოწმეების წარმომადგენელმა თურქეთში, განაცხადა: „გვიხარია, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გადაწყვეტილება ჩვენ სასარგებლოდ მიიღო. ვიმედოვნებთ, რომ თურქეთის მთავრობა სამეფო დარბაზებს თაყვანისცემის ადგილებად აღიარებს და ბრძანებას გასცემს, რომ მუნიციპალიტეტებმა მშენებლობასთან დაკავშირებულ კანონში ცვლილებები შეიტანონ, რათა თავისუფლად შევძლოთ თაყვანისცემისთვის განკუთვნილი შენობების აგება და ექსპლუატაციაში მიღება, ან სხვა შენობების შეძენა და მათი გადაკეთება. თუ თურქეთი ამ გადაწყვეტილებას გაითვალისწინებს, ეს მისი მხრიდან რელიგიის თავისუფლების დასაცავად გადადგმული ნაბიჯი იქნება“.

დაესმება წერტილი თურქეთში რელიგიურ დისკრიმინაციას?

იეჰოვას მოწმეები 70 წლის განმავლობაში ცდილობდნენ თავიანთი იურიდიული პირის რეგისტრაციაში გატარებას. თურქეთის მთავრობამ მათი მოთხოვნა 2007 წელს დააკმაყოფილა. * მას შემდეგ იეჰოვას მოწმეების მდგომარეობა თურქეთში საგრძნობლად გაუმჯობესდა.

იეჰოვას მოწმეები მადლიერნი არიან, რომ თურქეთმა ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა, რითაც მხარი დაუჭირა მოქალაქეების რელიგიის თავისუფლების უფლებას. მოწმეები იმედოვნებენ, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ახლახან მიღებული გადაწყვეტილება თურქეთს უბიძგებს, დაიცვას რელიგიის თავისუფლების უფლება, რასაც როგორც თურქეთის კონსტიტუცია, ისე საერთაშორისო სტანდარტები უზრუნველყოფს. იეჰოვას მოწმეები მოუთმენლად ელიან დროს, როცა თურქეთი მათ 25 სამეფო დარბაზს „თაყვანისცემის ადგილის“ სტატუსს მიანიჭებს. გარდა ამისა, მოწმეები იმედოვნებენ, რომ მათ უფლება ექნებათ, ააშენონ ან შეიძინონ და გადააკეთონ შენობები, სადაც თაყვანისცემის მიზნით შეიკრიბებიან.

^ აბზ. 3 ევროპული კონვენციის მე­-9 მუხლის თანახმად, ყველას აქვს აზრის, სინდისისა და რელიგიის თავისუფლების უფლება.

^ აბზ. 19 2007 წლის 31 ივლისს თურქეთში იეჰოვას მოწმეების ორგანიზაცია რეგისტრაციაში გატარდა.

^ აბზ. 23 http://ec.europa.eu/enlargement/pdf/key_documents/2015/20151110_report_turkey.pdf