არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ერიტრეა

რწმენის გამო დაპატიმრებულები

რწმენის გამო დაპატიმრებულები

ერიტრეაში აკავებენ და აპატიმრებენ იეჰოვას მოწმეებს და სხვებს ყოველგვარი ბრალდების წაყენების და გასამართლების გარეშე. ამ ქვეყანაში არავის ინდობენ და თავიანთი რელიგიური მსახურებისა და სხვა აბსოლუტურად უცნობი მიზეზების გამო აპატიმრებენ, როგორც კაცებს, ისე ქალებს, ბავშვებსა და მოხუცებს. ბევრი ახალგაზრდა იმიტომაა დაპატიმრებული, რომ რწმენის გამო უარს ამბობს სამხედრო სამსახურზე.

როდესაც 1993 წელს ერიტრეა დამოუკიდებელი ქვეყანა გახდა, იეჰოვას მოწმეებმა დაკარგეს თავიანთი ძირითადი უფლებები და თავისუფლებები. პრეზიდენტ აფევერკის 1994 წლის 25 ოქტომბრით დათარიღებულ ბრძანებულებაში აღნიშნული იყო, რომ იეჰოვას მოწმეებმა 1993 წელს არ მიიღეს მონაწილეობა დამოუკიდებლობის რეფერენდუმში და ამასთან უარს ამბობენ სამხედრო სამსახურზე. მას შემდეგ ერიტრეის ძალოვანი უწყებები აპატიმრებენ, აწამებენ და უმოწყალოდ ეპყრობიან იეჰოვას მოწმეებს, რათა უარი ათქმევინონ საკუთარ რწმენაზე.

განუსაზღვრელი დროით დაპატიმრებულები გაუსაძლის პირობებში

დღემდე პატიმრობაშია სამი მამაკაცი: პაულუს ეიასუ, ისააკ მოგოსი და ნეგედე ტეკლემარიამი. ისინი 1994 წლის 24 სექტემბერს დააპატიმრეს იმის გამო, რომ ნეიტრალური პოზიცია შეინარჩუნეს და უარი თქვეს სამხედრო სამსახურზე. გარდა ამისა, კიდევ 9 მამაკაცი უკვე ათ წელზე მეტია რაც პატიმრობაში იმყოფება.

მოწმეებს ციხეში საშინლად ეპყრობიან: ზოგს რკინის კონტეინერში ათავსებენ, ზოგსაც — მიწაში ნახევრად ჩაფლულ რკინისა და ქვის კასრებში. ერთი 62 წლის იეჰოვას მოწმე, მისგინა გებრეტინსაე, რომელიც მიტერის ციხეში იჯდა, 2011 წლის ივლისში დაიღუპა საპატიმროში არსებული საშინელი სიცხის გამო. 68 წლის იოჰანეს ჰაილი კი, რომელიც თითქმის ოთხი წელი იყო დაპატიმრებული მიტერის ციხეში და გაუსაძლის პირობებში უწევდა ყოფნა, 2012 წლის 16 აგვისტოს დაიღუპა. მას შემდეგ რამდენიმე მოწმე, რომელთაც ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები შეექმნათ, ამ ციხიდან გაათავისუფლეს.

არც ისე დიდი ხნის წინ დაპატიმრებული მოწმეები

2015 წლის 25 ოქტომბერს ორი იეჰოვას მოწმე ქალი დააპატიმრეს იმის გამო, რომ თავიანთ რელიგიურ მსახურებას ასრულებდნენ. ერთი მათგანი, რომელიც სხვა ქვეყნის მოქალაქე იყო და ერიტრეაში ნათესავებს სტუმრობდა, ერთი კვირის შემდეგ გაათავისუფლეს. მეორე, ერიტრეაში მცხოვრები 53 წლის ქალბატონი, კვლავ ციხეში იმყოფება.

სარონ გებრუ 2016 წლის 5 აპრილს ციხეში ჩასვეს და ექვსთვიანი პატიმრობა მიუსაჯეს, იმის გამო, რომ 2014 წელს იესო ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამოს ესწრებოდა. სარონ გებრუ 2016 წლის 5 ოქტომბერს გაათავისუფლეს ციხიდან.

დროის დიაგრამა

  1. 2017 წლის 15 ივნისი

    მთლიანობაში 53 იეჰოვას მოწმეა დაპატიმრებული.

  2. 2014 წლის 25 ივლისი

    14 აპრილს დაპატიმრებულთა უმეტესობა გაათავისუფლეს, მაგრამ 27 აპრილს დაკავებულთაგან 20 კვლავ პატიმრობაშია; მთლიანობაში 73 მოწმეა დაპატიმრებული.

  3. 2014 წლის 27 აპრილი

    31 მოწმე მაშინ დააპატიმრეს, როდესაც ისინი თაყვანისცემის მიზნით ერთად იყვნენ შეკრებილნი.

  4. 2014 წლის 14 აპრილი

    დააპატიმრეს 90-ზე მეტი იეჰოვას მოწმე. ისინი ესწრებოდნენ იესო ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამოს, რომელსაც მოწმეები ყოველწლიურად აღნიშნავენ მთელ მსოფლიოში.

  5. 2013 წლის ნოემბერი

    მთლიანობაში 52 მოწმე დააპატიმრეს და მათ ციხეებში გაუსაძლის პირობებში უწევთ ყოფნა.

  6. 2012 წლის 16 აგვისტო

    საშინელი პირობების გამო 68 წლის ძმა იოჰანეს ჰაილი ციხეში დაიღუპა.

  7. 2011 წლის ივლისი

    62 წლის მისგინა გებრეტინსაე ციხეში უკიდურესად მძიმე პირობებში ყოფნის გამო დაიღუპა.

  8. 2009 წლის 28 ივნისი

    სამართალდამცავები შეიჭრნენ ერთი მოწმის სახლში, სადაც რელიგიური შეხვედრა ტარდებოდა და იქ მყოფი ოცდასამივე იეჰოვას მოწმე დააპატიმრეს, მათ შორის ყველაზე პატარა 2 წლის იყო, ხოლო ყველაზე ხანდაზმული — 80 წლის. დაპატიმრებული მოწმეების რიცხვმა 69-ს მიაღწია.

  9. 2009 წლის 28 აპრილი

    სამართალდამცავებმა ერთის გარდა ყველა იეჰოვას მოწმე პოლიციის განყოფილებიდან მიტერის ციხეში გადაიყვანეს.

  10. 2008 წლის 8 ივლისი

    სამართალდამცავებმა დაიწყეს მოწმეების სახლებისა და სამუშაო ადგილების ჩხრეკა და 24 მოწმე დააპატიმრეს, რომელთა უმეტესობასაც თავისი ოჯახის რჩენა უწევდა.

  11. 2002 წლის მაისი

    მთავრობამ ყველა იმ რელიგიური დაჯგუფების საქმიანობა აკრძალა, რომლებიც არ იყვნენ სახელმწიფოს მიერ აღიარებული ოთხი რელიგიური მიმდინარეობის მეთვალყურეობის ქვეშ.

  12. 1994 წლის 25 ოქტომბერი

    პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად, იეჰოვას მოწმეებს ჩამოერთვათ მოქალაქეობა და მოქალაქის ძირითადი უფლებები.

  13. 1994 წლის 24 სექტემბერი

    პაულუს ეიასუ, ისააკ მოგოსი და ნეგედე ტეკლემარიამი ისე დააპატიმრეს, რომ არც ბრალი წაუყენებიათ და არც გაუსამართლებიათ. ისინი დღემდე ციხეში არიან.

  14. მე-20 საუკუნის 40-იანი წლები

    ერიტრეაში იეჰოვას მოწმეებმა დაიწყეს თავიანთი რელიგიური საქმიანობა.