არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

2015 წლის 21 ოქტომბერი
ერიტრეა

გაეროს საგამოძიებო კომისია ანგარიშს წარადგენს ადამიანის უფლებების დარღვევის თაობაზე ერიტრეაში

გაეროს საგამოძიებო კომისია ანგარიშს წარადგენს ადამიანის უფლებების დარღვევის თაობაზე ერიტრეაში

გაეროს საგამოძიებო კომისია ოქტომბრის ბოლოსთვის გეგმავს, გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე წარადგინოს ანგარიში ერიტრეაში ადამიანის უფლებების დარღვევის თაობაზე. ეს კომისია ერიტრეაში 2014 წლის ივნისში შეიქმნა, რომელსაც ერთი წლის მანძილზე უნდა გამოეძია, რის საფუძველზე ზღუდავს ასე მკაცრად ერიტრეის მთავრობა თავისი მოქალაქეების უფლებებს. *

ერიტრეაში გაეროს ადამიანის უფლებათა საგამოძიებო კომისიამ ასეთი დასკვნა გააკეთა: „მთელი ქვეყნის მასშტაბით უხეშად ირღვევა ადამიანის უფლებები, რასაც სისტემატური ხასიათი აქვს“. 2015 წლის 23 ივნისს ამ კომისიამ ჟენევაში გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს წინაშე წარადგინა ანგარიში; ამასთან ერთად გამოძიების შედეგები და ის მოთხოვნები, რომლებიც ერიტრეის მთავრობამ უნდა შეასრულოს. 2015 წლის 29 ოქტომბერს ეს საგამოძიებო კომისია ანგარიშით წარსდგება გაეროს გენერალური ასამბლეის მესამე კომიტეტის წინაშე ნიუ-იორკში. *

იეჰოვას მოწმეები — დევნის ობიექტები

2015 წლის 23 ივნისს ჟენევაში საგამოძიებო კომისიის მიერ გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოსთვის წარდგენილ ანგარიშს ერთვოდა 484-გვერდიანი დამატებითი მასალა — დეტალურად აღწერილი გამოძიების შედეგები, საიდანაც აშკარად ჩანდა, თუ როგორ ხდებიან იეჰოვას მოწმეები დისკრიმინაციისა და სასტიკი მოპყრობის მსხვერპლი. 1993 წლიდან მოყოლებული, მას შემდეგ, რაც ერიტრეამ დამოუკიდებლობა მოიპოვა, იეჰოვას მოწმეები დევნის ობიექტები გახდნენ; მიზეზი ისაა, რომ ისინი პოლიტიკურად ნეიტრალურები არიან და რელიგიური მოსაზრებით უარს ამბობენ სამხედრო სამსახურზე. მოწმეებს აწამებენ, ხშირად განუსაზღვრელი დროით აპატიმრებენ და საშინელ პირობებში ამყოფებენ. მთავრობა მათ მოქალაქეობის უფლებას, პირადობის დამადასტურებელ საბუთებს, სამუშაო ლიცენზიას და სხვადასხვა მომსახურებით სარგებლობის უფლებას ართმევს; გარდა ამისა, მოწმეებს სამსახურიდან ითხოვენ და ზღუდავენ მათ სხვა ძირითად უფლებებს.

„იეჰოვას მოწმეების გარდა ყველა ერიტრიელს ეძლევა ვაუჩერი საკვებისთვის, რადგან ჩვენ ჩამორთმეული გვაქვს მოქალაქეობა“, — აღნიშნავს ერთი ერიტრიელი მოწმე.

გაეროს საგამოძიებო კომისია მრავალ მოთხოვნას უყენებს ერიტრეის მთავრობას. აი, ზოგიერთი ის მოთხოვნა, რომელიც ერიტრეამ უნდა შეასრულოს:

„დაუყოვნებლივ უნდა მიიღოს ზომები, რათა წერტილი დაუსვას ნებისმიერი სახის რელიგიურ დევნას; მან უნდა შეწყვიტოს განსაკუთრებით ისეთი რელიგიური უმცირესობების დევნა, როგორებიც არიან იეჰოვას მოწმეები ... დაუყოვნებლივ უნდა დაუბრუნოს მათ მოქალაქეობა და დაიცვას მათი ძირითადი უფლებები“.

„წერტილი უნდა დაუსვას ისეთი არარეგისტრირებული რელიგიების მიმდევართა იძულებით გადაადგილებას, როგორებიც არიან იეჰოვას მოწმეები და აგრეთვე იმ პირთა იძულებით გადაადგილებას, რომლებიც მონაწილეობას არ იღებენ შეიარაღებულ კონფლიქტებში“. *

გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭო რეზოლუციას იღებს

მას შემდეგ, რაც გაეროს საგამოძიებო კომისიამ ანგარიში წარადგინა ჟენევაში, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ 2015 წლის 30 ივნისს რეზოლუცია მიიღო, რომლის თანახმადაც, ეს საბჭო „გმობს იმ ფაქტს, რომ ერიტრეის მთავრობა მთელი ქვეყნის მასშტაბით უხეშად არღვევს ადამიანის უფლებებს, რასაც სისტემატური ხასიათი აქვს“. * ამ რეზოლუციაში გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ აგრეთვე მოუწოდა ერიტრეის მთავრობას, „დაუყოვნებლივ გადადგას კონკრეტული ნაბიჯები იმ მოთხოვნების შესასრულებლად“, რომლებიც გაეროს საგამოძიებო კომისიამ წაუყენა. გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ მოუწოდა ერიტრეის მთავრობას:

  • „წერტილი დაუსვას თავის მოქალაქეთა თვითნებურ დაპატიმრებებს და აგრეთვე ადამიანთა უკიდურესი სისასტიკით წამებასა და დასჯას“.

  • „იზრუნოს, რომ დაპატიმრებულებს ხელი მიუწვდებოდეთ დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ სასამართლო სისტემაზე და გააუმჯობესოს ციხეში მათი პირობები“.

  • „პატივი სცეს ადამიანთა სიტყვის, აზრის, სინდისის, რწმენის გამოხატვისა და მშვიდობიან პირობებში ერთად შეკრების უფლებას“.

შეწყდება ერიტრეაში იეჰოვას მოწმეების სასტიკი დევნა?

ამჟამად ერიტრეაში 54 იეჰოვას მოწმე იმყოფება ციხეში; მათგან 3 უკვე 21 წელზე მეტია, რაც დაპატიმრებულია. ჯერ არც ერთი მათგანი არ გაუსამართლებიათ და მათთვის არც ბრალი წაუყენებიათ. ზოგიერთი რკინის კონტეინერებში ჰყავთ ჩამწყვდეული, ზოგიც — ნახევრად მიწისქვეშ მყოფ შენობებში, სადაც საშინელი სიცხე და გაუსაძლისი პირობებია. მთელ მსოფლიოში იეჰოვას მოწმეებისთვის ცნობილია, რა სასტიკად ეპყრობიან მათ თანამორწმუნეებს ერიტრეაში და იმედოვნებენ, რომ ერიტრეის მთავრობა წერტილს დაუსვამს მათ შევიწროებას.

^ აბზ. 2 გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს რეზოლუციის 26-ე მუხლის 24-ე პუნქტის საფუძველზე 2014 წლის 27 ივნისს ერიტრეაში შეიქნა გაეროს საგამოძიებო კომისია.

^ აბზ. 3 გაეროს გენერალური ასამბლეის მესამე კომიტეტი განიხილავს სოციალურ და ჰუმანიტარულ საკითხებს და აგრეთვე ადამიანის ძირითად უფლებებთან დაკავშირებულ საკითხებს, რაც მთელი მსოფლიოს მოსახლეობას ეხება.

^ აბზ. 8 ერიტრეაში გაეროს საგამოძიებო კომისიის მიერ მოწოდებული დეტალური ანგარიში (A/HRC/29/CRP.1, paras. 1530(c) and 1531(c)).

^ აბზ. 10 რეზოლუცია (A/HRC/29/L.23).

 

გაიგეთ მეტი

ხშირად დასმული კითხვები

რატომ არიან იეჰოვას მოწმეები პოლიტიკურად ნეიტრალურები?

საშიშროებას ხომ არ უქმნიან ისინი ეროვნულ უსაფრთხოებას?

ხშირად დასმული კითხვები

რატომ არ იღებთ იარაღს ხელში?

მთელ მსოფლიოში იეჰოვას მოწმეები ცნობილი არიან იმით, რომ იარაღს არ იღებენ ხელში. გაიგეთ, რატომ არ ვიღებთ იარაღს ხელში.