წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბულგარეთი

ბულგარეთი

ბულგარეთი

ბულგარეთში იეჰოვას მოწმეები 1888 წლიდან ეწევიან თავიანთ რელიგიურ საქმიანობას. მათი იურიდიული პირი 1938 წელს გატარდა რეგისტრაციაში. თუმცა 1944 წელს, როდესაც ქვეყანაში კომუნისტური რეჟიმი დამყარდა, იეჰოვას მოწმეების იურიდიული პირის რეგისტრაცია გაუქმდა. 1991 წელს კი იეჰოვას მოწმეთა იურიდიული პირი „იეჰოვას მოწმეთა ქრისტიანული კავშირი“ ოფიციალურად დარეგისტრირდა. მას შემდეგ მოწმეები თავისუფლად ასრულებდნენ თავიანთ რელიგიურ საქმიანობას, თუმცა მოგვიანებით, ქვეყანაში არატრადიციული რელიგიების წინააღმდეგ ცილისმწამებლური კამპანია დაიწყო. ხელისუფლებამ კი კანონი მიიღო, რომელიც რელიგიის თავისუფლებას ზღუდავდა. შედეგად, 1994 წელს იეჰოვას მოწმეებმა და სხვა რელიგიურმა უმცირესობებმა იურიდიული სტატუსი დაკარგეს. ამას მოჰყვა პოლიციის მხრიდან იეჰოვას მოწმეების დაპატიმრება, მათი შეხვედრების ჩაშლა და ლიტერატურის კონფისკაცია. ბულგარეთის სასამართლოებმა არ დაიცვეს იეჰოვას მოწმეების კანონიერი უფლებები.

იეჰოვას მოწმეებმა ყველა სასამართლო ინსტანციას მიმართეს, მაგრამ უშედეგოდ. ბოლოს მათ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში შეიტანეს საჩივარი. 1998, 2001 და 2004 წლებში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მეგობრული მორიგება შესთავაზა ბულგარეთის სახელმწიფოსა და იეჰოვას მოწმეებს, რასაც მხარეებს შორის შეთანხმება მოჰყვა. შედეგად, სახელმწიფომ ხელახლა გაატარა რეგისტრაციაში იეჰოვას მოწმეების იურიდიული პირი. ბულგარეთის მთავრობამ მხარი დაუჭირა რელიგიის თავისუფლების უფლებას, მათ შორის ადამიანის უფლებას რელიგიური მოსაზრებით უარი თქვას სამხედრო სამსახურზე, შეასრულოს ალტერნატიული სამოქალაქო სამსახური და თავისუფლად ესაუბროს სხვებს საკუთარი მრწამსის შესახებ.

იეჰოვას მოწმეები ბულგარეთში მადლიერები არიან, რომ თავისუფლად ასრულებენ თავიანთ რელიგიურ საქმიანობას, თუმცა დროდადრო მათი უფლებები კვლავ იზღუდება. ზოგი ადგილობრივი მუნიციპალიტეტი არასწორად იყენებს დადგენილებებს მოწმეებთან მიმართებით — ხელს უშლის მოწმეებს თავისუფლად ქადაგებაში და სამეფო დარბაზების აშენების ნებართვას არ აძლევს. გარდა ამისა, მოწმეები საზოგადოების მხრიდან ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის მსხვერპლი ხდებიან. ხშირ შემთხვევაში სამართალდამცავები პასუხს არ აგებინებენ თავდამსხმელებს და არც არანაირ ზომებს იღებენ მოწმეების დასაცავად. მოწმეები კვლავ მიმართავენ მთავრობის წარმომადგენლებს ამ პრობლემების აღმოსაფხვრელად. ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში კი მიმდინარეობს საქმის განხილვა სამეფო დარბაზების აშენების ნებართვის თაობაზე.