არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

2015 წლის 11 ივნისი
აზერბაიჯანი

იეჰოვას მოწმეები აზერბაიჯანში უკანონოდ დაპატიმრებული ორი მოწმის გათავისუფლებას ითხოვენ

იეჰოვას მოწმეები აზერბაიჯანში უკანონოდ დაპატიმრებული ორი მოწმის გათავისუფლებას ითხოვენ

იეჰოვას მოწმეებმა ირინა ზახარჩენკოსა და ვალიდა ჯაბრაილოვას საქმის თაობაზე საერთაშორისო სასამართლო ორგანოებს მიმართეს. ეს ორი მოწმე დაპატიმრებულია 2015 წლის 17 თებერვლიდან, მას შემდეგ, რაც საბაილის რაიონულმა სასამართლომ მათ სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა იმ ბრალდებით, რომ რელიგიურ ლიტერატურას შესაბამისი ნებართვის გარეშე ავრცელებდნენ. ახლახან სასამართლომ ამ ორ ქალს ორი თვით გაუხანგრძლივა წინასწარი პატიმრობა.

ირინა ზახარჩენკო და ვალიდა ჯაბრაილოვა

მშვიდობისმყოფელ ქალებს ისე ექცევიან, როგორ საშიშ დამნაშავეებს

2014 წლის 5 დეკემბერს, როცა ირინა ზახარჩენკო და ვალიდა ჯაბრაილოვა ბაქოში ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მაცხოვრებლებს თავიანთ რწმენაზე ესაუბრებოდნენ, პოლიციელებმა დააკავეს. პოლიციამ რამდენიმე საათში გაათავისუფლა ისინი, მაგრამ გამომძიებლებმა არაერთხელ გამოიძახეს დაკითხვაზე. 2015 წლის 17 თებერვალს, დაკითხვის შემდგომ, უშიშროების სამინისტროს თანამშრომლებმა მოულოდნელად ეს ორი ქალი დახურულ სასამართლო სხდომაზე მიიყვანეს, რათა მათთვის ბრალდება წაეყენებინათ. მოსამართლემ მათი საქმიანობა „საზოგადოებისთვის საშიშ ქმედებად“ შერაცხა და მათ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. უშიშროების სამინისტროს თანამშრომლებმა ირინა ზახარჩენკო და ვალიდა ჯაბრაილოვა მაშინვე გადაიყვანეს იმ ციხეში, რომელიც საიდუმლო პოლიციის მეთვალყურეობის ქვეშაა (ნაჩვენებია ზემოთ სურათზე).

მას შემდეგ უშიშროების სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფმა სპეცჯგუფებმა არაერთხელ გაჩხრიკეს მათი სახლები, ჩამოართვეს რელიგიური სახის ლიტერატურა, პირადი ლეპტოპები, კომპიუტერი და მობილური ტელეფონი. სასამართლო უარს ამბობს, ამ ორ ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შინაპატიმრობით შეუცვალოს.

ირინა ზახარჩენკოსა და ვალიდა ჯაბრაილოვას ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება

ადვოკატები, ოჯახის წევრები და მეგობრები შეშფოთებას გამოთქვამენ იმის გამო, რომ დიდი ალბათობაა, ამ ქალების ჯანმრთელობა საგრძნობლად გაუარესდეს. ირინა ზახარჩენკო 55 წლისაა. ექიმების აზრით, მწვავე ართრიტისა და მარჯვენა ფეხზე მიღებული ტრამვის გამო მისი შესაძლებლობების 80 პროცენტი შეზღუდულია.

ამ ორი მოწმის ემოციური მდგომარეობაც საფრთხეშია. უშიშროების სამინისტროს თანამშრომლები მხოლოდ ადვოკატებს რთავენ მათი ნახვის ნებას. ნათესავებს შესაძლებლობა აქვთ, თვეში ერთხელ გაუგზავნონ მათ ისეთი აუცილებელი ნივთები, როგორიცაა ტანსაცმელი, მედიკამენტები და საპონი. ოჯახის წევრებს სურდათ, ღვთის სიტყვით ენუგეშებინათ ისინი და მათთვის ბიბლია შეეგზავნათ, მაგრამ უშიშროების სამინისტროს თანამშრომლებმა არ მისცეს მათ ამის უფლება.

გამოავლენს აზერბაიჯანის მთავრობა რელიგიურ შემწყნარებლობას?

ირინა ზახარჩენკოსა და ვალიდა ჯაბრაილოვას საქმის გამოძიების დროს უშიშროების სამინისტროს თანამშრომლებმა, სულ მცირე, 20 იეჰოვას მოწმე დაკითხეს და დაახლოებით 10 მათგანის სახლი გაჩხრიკეს. გარდა ამისა, უშიშროების სამინისტროს თანამშრომლებმა, პოლიციამ და რელიგიურ გაერთიანებებთან თანამშრომლობის სახელმწიფო კომიტეტმა გაჩხრიკეს ის სამეფო დარბაზი (თაყვანისცემის ადგილი), სადაც ეს ქალები ესწრებოდნენ რელიგიურ შეხვედრებს.

ვინაიდან აზერბაიჯანის მთავრობა მოწმეებს არანაირ ალტერნატივას არ სთავაზობს, იეჰოვას მოწმეებმა ირინა ზახარჩენკოსა და ვალიდა ჯაბრაილოვას უკანონო დაპატიმრების თაობაზე მიმართეს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისს და დაუკავშირდნენ რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციას. აზერბაიჯანმა საკუთარ თავზე იტვირთა ვალდებულება, რომ საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით დაიცავდა ადამიანის უფლებებს და ძირითად თავისუფლებებს. უნდა აღინიშნოს, რომ აზერბაიჯანის მთავრობა სიამაყით აცხადებს, რომ ქვეყანაში რელიგიური შემწყნარებლობაა.

იეჰოვას მოწმეები პატივისცემით მიმართავენ აზერბაიჯანის მთავრობას, რომ შეასრულოს ნაკისრი ვალდებულება, პატივი სცეს ადამიანის უფლებებს და მოწმეებს ნება დართოს, თავისუფლად შეასრულონ თავიანთი რელიგიური მსახურება. ისინი ითხოვენ აზერბაიჯანის მთავრობისგან, რომ დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ ეს ორი უდანაშაულო ქალი.