არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

აზერბაიჯანი

რწმენის გამო დაპატიმრებულები

რწმენის გამო დაპატიმრებულები

აზერბაიჯანი კვლავ ზღუდავს იეჰოვას მოწმეების რელიგიურ საქმიანობას. სასამართლოები ასამართლებენ მათ თაყვანისცემის მიზნით ერთად შეკრების, თავიანთ მრწამსზე სხვებთან საუბრისა და რელიგიური მოსაზრებით სამხედრო სამსახურზე უარის თქმის გამო. მოსამართლეები მათ დიდ ფულად ჯარიმებს აკისრებენ და აპატიმრებენ.

ორი ქალი დააპატიმრეს თავიანთი მრწამსის შესახებ სხვებთან საუბრის გამო

2015 წლის 17 დეკემბერს ბაქოში, პირალაჰის რაიონულ სასამართლოში გაიმართა სასამართლო მოსმენა ირინა ზახარჩენკოსა და ვალიდა ჯაბრაილოვას საქმის თაობაზე. ისინი წინასწარ პატიმრობაში იმყოფებიან 2015 წლის 17 თებერვლიდან იმის გამო, რომ „შესაბამისი ნებართვის“ გარეშე ავრცელებდნენ რელიგიურ ლიტერატურას.

ირინა ზახარჩენკო და ვალიდა ჯაბრაილოვა უკვე ათი თვეა ციხეში იმყოფებიან, რაც მათ ფიზიკურ და ემოციურ ჯანმრთელობას სერიოზულ საფრთხეს უქმნის. წინასწარი მოსმენისას მოსამართლემ არც ერთი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა მათი გათავისუფლების თაობაზე და არ გადაიყვანა ისინი ციხიდან შინაპატიმრობაში. შემდეგი მოსმენა გაიმართება 2016 წლის 7 იანვარს.

აზერბაიჯანი არ ასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს

რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ბრძოლის ევროპული კომისიის მიერ (ECRI) 2011 წლის მაისში გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, აზერბაიჯანის მთავრობას მოუწოდებენ დარწმუნდეს, რომ „მოქმედი კანონმდებლობა … იცავს რელიგიის თავისუფლების უფლებას, რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციითაა დაცული“. 2012 წელს ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიამ გამოაქვეყნა ანგარიში, რომელშიც კონკრეტული მითითებებია მოცემული იმის თაობაზე, რომ აზერბაიჯანის მთავრობამ აუცილებლად უნდა მოახდინოს ცვლილება კანონში რელიგიის თავისუფლების შესახებ. ამ ანგარიშში ნათქვამი იყო: „ეს კანონი საკმაოდ მკაცრ ზომებს ითვალისწინებს, რაც წინააღმდეგობაში მოდის საერთაშორისო სტანდარტებთან ... გადახედვას საჭიროებს საკანონმდებლო ნორმა, რომელიც არეგულირებს ისეთ ფუნდამენტურ საკითხებს, როგორიცაა რელიგიისა და სინდისის თავისუფლების უფლება, პროზელიტიზმი, პუბლიკაციების გამოცემა და მათი გავრცელება, აგრეთვე რეგისტრაციის, ავტონომიისა და რელიგიური გაერთიანებების ლიკვიდაციის პრობლემატიკა“.

აზერბაიჯანის მთავრობა აგრეთვე პატივს არ სცემს მათ უფლებებს, ვინც რელიგიური მოსაზრებით უარს ამბობს სამხედრო სამსახურზე. 1996 წელს აზერბაიჯანის განცხადებაში ევროპის საბჭოს წევრობის თაობაზე, ამ ქვეყნის მთავრობამ საკუთარ თავზე შემდეგი ვალდებულებები აიღო: 1) წევრად გახდომიდან ორი წლის განმავლობაში მიიღებდა კანონს არასამხედრო ალტერნატიული სამსახურის შესახებ; 2) გაათავისუფლებდა ყველას, ვინც რელიგიური მოსაზრებით სამხედრო სამსახურზე უარის თქმის გამო იხდიდა სასჯელს; 3) ყველას, ვინც რელიგიური მოსაზრებით უარს იტყოდა სამხედრო სამსახურზე, უფლებას მისცემდა, შეესრულებინა ალტერნატიული სამოქალაქო სამსახური. უკვე 13 წელზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანი ევროსაბჭოს წევრი ქვეყანა გახდა, მაგრამ მას ჯერ კიდევ არ შეუსრულებია ნაკისრი ვალდებულებები.

ზემოაღნიშნულ ანგარიშში აგრეთვე ნათქვამი იყო: „ჩვენი კომისია მოუწოდებს აზერბაიჯანის მთავრობას, დაუყოვნებლივ მიიღოს კანონი ალტერნატიული სამოქალაქო სამსახურის თაობაზე, რომელიც აკმაყოფილებს ევროპულ სტანდარტებს ... [ECRI] კიდევ ერთხელ, დაჟინებით მოუწოდებს მთავრობას, შეწყვიტოს მათი სამართლებრივი დევნა და დაპატიმრება, რომლებიც უარს აცხადებენ იარაღის ხელში აღებაზე, და შესაძლებლობა მისცეს, თავიანთი ვალდებულება საზოგადოების წინაშე ისე მოიხადონ, რომ ეს არ ეწინააღმდეგებოდეს მათ რწმენას, რომლის გამოც უარს ამბობენ სამხედრო სამსახურზე“.

შეასრულებს აზერბაიჯანის მთავრობა ნაკისრ ვალდებულებას და გამოავლენს რელიგიურ შემწყნარებლობას?

2015 წლის 25 ივნისს აშშ-ის ჰელსინკის კომისიამ შეშფოთება გამოთქვა, რომ „აზერბაიჯანში რელიგიური უმცირესობების, კერძოდ იეჰოვას მოწმეების მიმართ შეუწყნარებლობა მწვავე ხასიათს იძენს“. კომისიის თავმჯდომარე კრის სმიტი აღნიშნავს: „მართალია მთავრობა ირწმუნება, რომ იცავს რელიგიის თავისუფლების უფლებას, მაგრამ ფაქტი ისაა, რომ ის მრავალ ადამიანს აპატიმრებს რელიგიური მსახურებისთვის. აზერბაიჯანის მთავრობას მოვუწოდებ, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ირინა ზახარჩენკო და ვალიდა ჯაბრაილოვა“.

იეჰოვას მოწმეები მთელ მსოფლიოში წუხილს გამოთქვამენ ირინა ზახარჩენკოსა და ვალიდა ჯაბრაილოვას მდგომარეობის გამო. გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა ოფიციალურად მოითხოვა ირინა ზახარჩენკოსა და ვალიდა ჯაბრაილოვას ციხიდან შინაპატიმრობაში გადაყვანა, მაგრამ სასამართლომ უგულებელყო ეს მოთხოვნა. ირინა ზახარჩენკო, ვალიდა ჯაბრაილოვა, აგრეთვე მათი ოჯახის წევრები და მეგობრები თხოვნით მიმართავენ აზერბაიჯანის მთავრობას დაუყოვნებვლივ გაათავისუფლონ ისინი ციხიდან და მოუხსნან ბრალდება.

დროის დიაგრამა

  1. 2015 წლის 17 დეკემბერი

    პირალაჰის (ბაქო) რაიონულმა სასამართლომ უარი განაცხადა ირინა ზახარჩენკოსა და ვალიდა ჯაბრაილოვას ციხიდან გაშვებაზე. შემდეგი მოსმენა გაიმართება 2016 წლის 7 იანვარს.

  2. 2015 წლის 4 სექტემბერი

    საბაილის (ბაქო) რაიონულმა სასამართლომ ირინა ზახარჩენკოსა და ვალიდა ჯაბრაილოვას 2015 წლის 17 დეკემბრამდე გაუხანგრძლივა წინასწარი პატიმრობა, რაც იმას ნიშნავდა, რომ მათ 10 თვე მოუწევდათ ციხეში ყოფნა.

  3. 2015 წლის 7 მაისი და 2015 წლის 4 ივლისი

    საბაილის (ბაქო) რაიონულმა სასამართლომ ირინა ზახარჩენკოსა და ვალიდა ჯაბრაილოვას გაუხანგრძლივა წინასწარი პატიმრობა.

  4. 2015 წლის 17 თებერვალი

    საბაილის (ბაქო) რაიონულმა სასამართლომ სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა ირინა ზახარჩენკოსა და ვალიდა ჯაბრაილოვას. მათ ბრალი ედებათ რელიგიური ლიტერატურის უკანონოდ გავრცელებაში.

  5. 2013 წლის 12 მარტი

    იეჰოვას მოწმე კამრან მირზაევი, იმის გამო, რომ რელიგიური მოსაზრებით უარს ამბობს სამხედრო სამსახურზე, დამნაშავედ ცნეს და ცხრა თვით პატიმრობა მიუსაჯეს. მოგვიანებით, როცა სასჯელს იხდიდა, მას საყოველთაო ამნისტია შეეხო და ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს.

  6. 2012 წლის 25 სექტემბერი

    იეჰოვას მოწმე ფახრადინ მირზაევი, იმის გამო, რომ რელიგიური მოსაზრებით უარს ამბობს სამხედრო სამსახურზე, დამნაშავედ ცნეს და ერთი წლით პატიმრობა მიუსაჯეს.

  7. 2010 წლის 8 სექტემბერი

    იეჰოვას მოწმე ფარიდ მამადოვი, იმის გამო, რომ რელიგიური მოსაზრებით უარს ამბობს სამხედრო სამსახურზე, დამნაშავედ ცნეს და ცხრა თვით პატიმრობა მიუსაჯეს.

  8. 2009 წლის 19 აგვისტო

    მუშფიგ მამედოვი კიდევ ერთხელ დააპატიმრეს იმის გამო, რომ ბიბლიით განსწავლული სინდისი სამხედრო სამსახურის შესრულების უფლებას არ აძლევდა. იგი წინასწარი დაკავების იზოლატორში ჩასვეს და მეორედ გასამართლებისას ფულადი ჯარიმა დააკისრეს.

  9. 2008 წლის 7 მარტი

    მუშფიგ მამედოვისა და სამირ ჰუსეინოვის ადვოკატებმა საჩივარი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში შეიტანეს, რადგან აზერბაიჯანი სისხლის სამართლებრივ დევნას ახორციელებდა მათ წინააღმდეგ, ვინც რელიგიური მოსაზრებით უარს ამბობდა სამხედრო სამსახურის შესრულებაზე.

  10. 2007 წლის 4 ოქტომბერი

    იეჰოვას მოწმე სამირ ჰუსეინოვი დააპატიმრეს და ათი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს იმის გამო, რომ რელიგიური მოსაზრებით უარს ამბობდა სამხედრო სამსახურზე.

  11. 2006 წელი

    იეჰოვას მოწმე მუშფიგ მამედოვი წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს, დამნაშავედ ცნეს იმის გამო, რომ რელიგიური მოსაზრებით უარს ამბობდა სამხედრო სამსახურის შესრულებაზე და ექვსთვიანი პირობითი სასჯელი შეუფარდეს.