არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

2014 წლის 26 მაისი
აზერბაიჯანი

იეჰოვას მოწმეები აზერბაიჯანში სამართალს ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ სასამართლოში ეძებენ

იეჰოვას მოწმეები აზერბაიჯანში სამართალს ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ სასამართლოში ეძებენ

ერთ კვირა დილას ბაქოში ასეთი ფაქტი დაფიქსირდა: ბიბლიური მოხსენების მოსასმენად შეკრებილ 200-მდე ადამიანს, რომელთა შორისაც იყვნენ მამაკაცები, ქალები და ბავშვები, მოულოდნელად პოლიცია დაესხა თავს.

მათ შეამტვრიეს იმ სახლის კარები, სადაც მოწმეები ატარებდნენ შეხვედრას და სხვა სამართალდამცავებთან და ჟურნალისტებთან ერთად ტელეკამერებით შეიჭრნენ შიგნით. პოლიციელებმა იეჰოვას მოწმეების მხოლოდ რელიგიური შეხვედრა კი არ ჩაშალეს, არამედ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს იქ შეკრებილთ, რამდენიმეს ფიზიკურადაც კი გაუსწორდნენ; გარდა ამისა, ორდერის გარეშე გაჩხრიკეს იქაურობა და მოწმეებს თანხა, კომპიუტერები და ბიბლიური ლიტერატურა ჩამოართვეს. ბევრი იეჰოვას მოწმე განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც მათ რამდენიმე საათი მოუწიათ ყოფნა. მათ შორის ექვსი უცხოელი იეჰოვას მოწმეც იყო, რომლებიც ჯერ რამდენიმე დღე პატიმრობაში ამყოფეს, შემდეგ კი ქვეყნიდან გააძევეს. ამ ფაქტის გაშუქებისას მედია ცდილობდა, ჩირქი მოეცხო იეჰოვას მოწმეებისთვის.

2006 წლის 24 დეკემბერს მომხდარი სწორედ ეს ინციდენტი გახდა იმის მიზეზი, რომ იეჰოვას მოწმეებს პირველად შეეტანათ სარჩელი აზერბაიჯანის წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში. მას შემდეგ იეჰოვას მოწმეებმა თავიანთი რელიგიური თავისუფლების უფლების დასაცავად კიდევ 18 სარჩელი შეიტანეს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.

სარჩელის მიზეზი

სულ

პოლიციის რეიდი

5

ხელახალი რეგისტრაცია

1

საკუთარი მრწამსის საჯაროდ გაცხადება

2

ცენზურა

5

დეპორტი

3

სამხედრო სამსახურზე უარის თქმა

3

სულ

19

ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში აზერბაიჯანის წინააღმდეგ შეტანილი საჩივრების რაოდენობა (2014 წლის 31 იანვრის მონაცემები)

ქვემოთ მოყვანილი ზოგიერთი შემთხვევა გვიჩვენებს, თუ რა უსამართლობას იტანენ იეჰოვას მოწმეები აზერბაიჯანში, რის გამოც ისინი სამართალს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ეძებენ.

  • უარი ხელახალ რეგისტრაციაზე

    იეჰოვას მოწმეების რელიგიურმა გაერთიანებამ პირველად 1999 წლის 22 დეკემბერს გაიარა ბაქოში რეგისტრაცია, ხოლო 2002 წლის 7 თებერვალს სახელმწიფო კომიტეტმა, რომელიც რელიგიური ორგანიზაციების საქმეს განიხილავს, ის ხელახლა გაატარა რეგისტრაციაში. 2009 წელს აზერბაიჯანის მთავრობამ ცვლილებები შეიტანა კანონში რელიგიის თავისუფლების შესახებ და ყველა რელიგიური გაერთიანებისგან მოითხოვა, ხელახლა გაევლოთ რეგისტრაცია. ამის გამო იეჰოვას მოწმეების რელიგიურმა გაერთიანებამ განცხადება შეიტანა ხელახალი რეგისტრაციის თაობაზე, მაგრამ განცხადებაში დაშვებული ტექნიკური შეცდომების გამო მათი მოთხოვნა არ დააკმაყოფილეს. მართალია, 2002 წლის რეგისტრაციას კვლავ აქვს იურიდიული ძალა, მაგრამ მთავრობა დღემდე უარს ამბობს ზემოხსენებული ახალი საკანონმდებლო ნორმის თანახმად ჩვენი გაერთიანების ხელახლა დარეგისტრირებაზე.

  • დევნა და შეურაცხყოფა სამართალდამცავთა მხრიდან

    იეჰოვას მოწმეები აზერბაიჯანში ყოველკვირეულად თავიანთი რელიგიური მსახურების შესასრულებლად სახლებში იკრიბებიან. პოლიცია რამდენჯერმე შეიჭრა ამ სახლებში და უკანონოდ ჩაშალა მათი შეხვედრები. ისინი უხეშად ეპყრობოდნენ დამსწრეებს, ართმევდნენ ბიბლიურ ლიტერატურას და პოლიციის განყოფილებაში გადაჰყავდათ, სადაც რამდენიმე საათი ამყოფებდნენ. ზოგიერთ მათგანს ჯარიმის სახით საკმაოდ დიდი რაოდენობის თანხის გადახდასაც აკისრებდნენ. 2011 წელს ქალაქ განჯაში ექვსი იეჰოვას მოწმე დააპატიმრეს და რელიგიურ შეხვედრებზე დასწრების გამო მათ მთლიანობაში 12 000-მდე აშშ დოლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრეს, რადგან ეს შეხვედრები მთავრობის მიერ არ იყო სანქცირებული.

  • ცენზურა

    აზერბაიჯანი ევროსაბჭოს წევრ-ქვეყნებს შორის ერთადერთია, * რომელსაც რელიგიურ ლიტერატურაზე ცენზურა აქვს დაწესებული, რაც მათივე კონსტიტუციას * ეწინააღმდეგება. ბიბლიური ლიტერატურა, რომელიც მოწმეებს ამ ქვეყანაში ევროსაბჭოს სხვა წევრი ქვეყნებიდან შეაქვთ, შეიძლება რაოდენობრივად შეიზღუდოს ან ცენზურის გავლის შემდეგ საერთოდ აიკრძალოს. აკრძალული ლიტერატურის სიაში შესულია ჟურნალ „საგუშაგო კოშკის“ * არაერთი ნომერი, რომელსაც იეჰოვას მოწმეები თვეში ორჯერ გამოსცემენ. აზერბაიჯანში არც ერთი ინსტანციის სასამართლომ არ დააკმაყოფილა მოწმეების საჩივარი ცენზურის თაობაზე, რომელსაც რელიგიურ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის სახელმწიფო კომიტეტი აწესებს.

რელიგიური გაერთიანებების მიმართ აზერბაიჯანის დამოკიდებულებამ საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება მიიპყრო

ადამიანის უფლებების დაცვით დაინტერესებულმა არაერთმა ორგანიზაციამ შეისწავლა აზერბაიჯანში რელიგიის თავისუფლების შესახებ მიღებული კანონი და ის, თუ როგორ აისახებოდა ეს კანონი რელიგიური გაერთიანებების უფლებებზე, რის შემდეგაც ამ ორგანიზაციებმა თავიანთი პოზიცია დააფიქსირეს.

  • აშშ-ს საერთაშორისო რელიგიური თავისუფლების კომისიის 2013 წლის ყოველწლიურ ანგარიშში აღნიშნული იყო: „მართალია, აზერბაიჯანის მთავრობა აცხადებს, რომ ტოლერანტულია, მაგრამ სრულიად საპირისპირო სურათს ვხედავთ: ქვეყანაში რელიგიის თავისუფლების უფლება უფრო და უფრო იზღუდება, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც 2009 წელს კანონი რელიგიების თავისუფლების შესახებ საგრძნობლად გამკაცრდა“.

  • რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ მიმართულმა ევროპის კომისიამ გამოაქვეყნა ანგარიში, სადაც შეშფოთებას გამოთქვამს იმ ვითარების გამო, რომელშიც რელიგიური გაერთიანებები კანონის გამკაცრების შემდეგ აღმოჩნდნენ აზერბაიჯანში. ანგარიშში აღნიშნული იყო: „ჩვენი კომისია მოუწოდებს აზერბაიჯანის მთავრობას, დააკმაყოფილოს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მოთხოვნები და თავისი კანონმდებლობა მათ შეუსაბამოს“.

  • ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიამ გამოაქვეყნა ანგარიში, რომელშიც კონკრეტული მითითებებია მოცემული იმის თაობაზე, რომ აზერბაიჯანის მთავრობამ აუცილებლად უნდა მოახდინოს ცვლილება კანონში რელიგიის თავისუფლების შესახებ. ამ ანგარიშში ნათქვამი იყო: „ეს კანონი საკმაოდ მკაცრ ზომებს ითვალისწინებს, რაც წინააღმდეგობაში მოდის საერთაშორისო სტანდარტებთან ... გადახედვას საჭიროებს საკანონმდებლო ნორმა, რომელიც არეგულირებს ისეთ ფუნდამენტურ საკითხებს, როგორიცაა რელიგიისა და სინდისის თავისუფლების უფლება, პროზელიტიზმი, პუბლიკაციების გამოცემა და მათი გავრცელება, აგრეთვე რეგისტრაციის, ავტონომიისა და რელიგიური გაერთიანებების ლიკვიდაციის პრობლემატიკა“.

თავისუფლების უფლება

მთელ მსოფლიოში იეჰოვას მოწმეები მადლიერებას გამოხატავენ მთავრობის იმ წარმომადგენელთა მიმართ, რომლებიც აღიარებენ მათ ისეთ ძირითადად უფლებებს, როგორიცაა ერთად შეკრებისა და გაერთიანების, სიტყვისა და აზრის გამოხატვის, სინდისისა და რელიგიის თავისუფლების უფლება. მოწმეებისთვის მეტად ფასეულია ეს უფლებები. 2 500 ადამიანი, იქნებიან ესენი თავად მოწმეები თუ ისინი, ვინც იზიარებენ მათ რელიგიურ შეხედულებებს, იმედოვნებენ, რომ აზერბაიჯანში მათაც ექნებათ ისეთივე უფლებები, რომლითაც სხვა რელიგიები სარგებლობენ მათ ქვეყანაში.

^ აბზ. 28 აზერბაიჯანი ევროპის საბჭოს წევრი ქვეყანა 2001 წლის 25 იანვარს გახდა.

^ აბზ. 28 აზერბაიჯანის კონსტიტუციის 48-ე მუხლი რელიგიის თავისუფლების უფლებას უზრუნველყოფს, ხოლო 50-ე მუხლი კრძალავს მედიაზე ცენზურის დაწესებას.

^ აბზ. 28 მოწმეები ყოველთვიურად გამოსცემენ „საგუშაგო კოშკს“ ფართო მკითხველისთვის, რათა სხვებს ბიბლიური სწავლებები აუხსნან. ყოველკვირეულად კრებებში ისინი ამ ჟურნალის სასწავლო გამოცემას იყენებენ, უკეთ რომ ჩასწვდნენ ბიბლიურ სწავლებებს. ჟურნალი „საგუშაგო კოშკი“ ყოველ თვე დაახლოებით 60 000 000-იანი ტირაჟით გამოიცემა 200-ზე მეტ ენაზე და თამამად შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე გავრცელებული ჟურნალია მთელ მსოფლიოში.